იაგო ხვიჩია - მხოლოდ მართლა დეპოლარიზაციის პირობებში გვაქვს ევროინტეგრაციის შანსი, ამ შემთხვევაში რა დროს სააკაშვილის ციხეში დატოვება ან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნერვიულობაზე ფიქრია
იაგო ხვიჩია - მხოლოდ მართლა დეპოლარიზაციის პირობებში გვაქვს ევროინტეგრაციის შანსი, ამ შემთხვევაში რა დროს სააკაშვილის ციხეში დატოვება ან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნერვიულობაზე ფიქრია

უკვე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა და სააკაშვილს მომავალ კვირას შევხვდები, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნება მისი მთავარი სათქმელი მიხეილ სააკაშვილთან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პირველი მიზანი არის სააკაშვილის გაცნობა და იმის გაგება, თუ რა სურს მას, რადგან „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამის გაგება შეუძლებელია.

„პირველი, გაცნობა და მეორე, გავიგო, რა უნდა მას, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობისგან“ ამის გაგება შეუძლებელია, რადგან ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და მესამე მესამეს. როცა მე მიმაჩნია, რომ ისეთი პირობა წარმოვადგინე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მომგებიანი იქნებოდა და პატიმრის საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებდა, გამოაგორეს თავიანთი წარმომადგენლები, სხვადასხვა მარგინალური ჯგუფი, როგორიც იყო ოქრიაშვილი და კიდევ სხვა ჯგუფები, რომლებმაც ფაქტობრივად, ლანძღვა-გინება დაგვიწყეს და გადმოვიდნენ აგრესიულ რიტორიკაზე, თითქოს ჩვენ ვართ „ქართულ ოცნებასთან“ შეკრული და ა.შ. შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის შეკრული, მტკიცებულებად მოჰქონდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდეს?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, იმ პუნქტის შესრულება, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია, შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება და პარლამენტმა რაც არ უნდა კანონები მიიღოს, ამას დეპოლარიზაციის პირობად არავინ ჩათვლის.

„სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე. მე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე კი არ ვნერვიულობ, ევროინტეგრაციის პროცესზე ვნერვიულობ და მიმაჩნია, რომ იმ პუნქტის შესრულება, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია, შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის და ჩვენ რაც არ უნდა კანონები მივიღოთ, ამას არავინ არ ჩათვლის დეპოლარიზაციის პირობად. მესმის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რთულია და ადვილი არ არის მიხეილ სააკაშვილის გაშვება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ აქეთ მხარეს დგას საკითხი, რომ ჩვენ, ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპელებთან ერთიანი პოზიციით უნდა მივიდეთ, მხოლოდ ეს გვაძლევს შანსს და მხოლოდ მართლა დეპოლარიზაციის პირობებში გვაქვს ევროპისკენ ინტეგრაციის შანსი, ამ შემთხვევაში რა დროს მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვებაა, ან რა დროს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნერვიულობაზე ფიქრია?! სინამდვილეში ხომ სხვა რამე დგას დღის წესრიგში?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, არის თუ არა შეხვედრაზე თანახმა მიხეილ სააკაშვილი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჯერ, თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილთან არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ დაველოდები. რა ვიცი, ორშაბათამდე, იქით კვირამდე არაფერი დიდი დრო არ არის და მანამდე შემომითვლიან, თუ უარს აცხადებს, თუ არ შემომითვლიან არაფერს, არ მოხვიდეო, მე მაინც მივალ და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან თორმეტივე პუნქტის შესრულებას არ ელოდება, მაგრამ ელოდება რამდენიმე პუნქტის შესრულებას.

„რაღაცის შესრულებას რომ აპირებენ, ეს შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ რა ტონალობითაც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ვიცი, დღეს საუბრობდა, ყველა პუნქტის შესრულება ფიზიკურად არ გამოვა. მაგალითად, დეპოლარიზაცია ფიზიკურად არ გამოვა მასეთი ტონალობით. შესაბამისად, თორმეტივე პუნქტის შესრულებას არ ველოდები, ველოდები რამდენიმე პუნქტის შესრულებას, რომელიც ტექნიკურია თავისი შინაარსით, დიდს არაფერს მოითხოვს, მაგრამ პრობლემა არსად არ გაიქცევა და დეპოლარიზაცია-დეოლიგარქიცაციის საკითხში გავიჭედებით. ჯერჯერობით, აქედან როგორ გამოვალთ და ეს საკითხი როგორ დაიძლევა, ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს და მთავარი გზა არის საარჩევნო ბარიერის დაწევა.

„ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის ორი გზა არსებობს, სულ. საარჩევნო ბარიერის დაწევა არის პრიორიტეტი ჩვენთვის და ასევე, სხვა პატარა პარტიებისთვის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ მთავარი პრიორიტეტი არის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. აი, ეს ორი ამბავია, ჩემი აზრით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.