იაგო ხვიჩია - მხარეებს მოვუწოდებ კონსენსუსისკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის დასრულება, მიუხედავად იმისა, მე ამირჩევენ თუ სხვას
იაგო ხვიჩია - მხარეებს მოვუწოდებ კონსენსუსისკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის დასრულება, მიუხედავად იმისა, მე ამირჩევენ თუ სხვას

მხარეებს მოვუწოდებ კონსენსუსისკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის დასრულება, მიუხედავად იმისა, მე ამირჩევენ თუ სხვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ფაქტობრივად, დღეს არის ასეთი ტიპის ფინალი სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის – გვყავს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ოპოზიციის ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და თქვენი მონა-მორჩილი. ჩვენი კანდიდატურა დავაყენეთ, რათა კონსენსუსი რომ არ შემდგარიყო, საშუალება გვქონოდა, მხარეებისთვის მოგვეწოდებინა – ერთმანეთის კანდიდატურაზე თუ ვერ თანხმდებიან, ჩვენს კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ. დღეს დავაკვირდებით, რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთის კანდიდატებზე. თუ არა და არსებობს მესამე გამოსავალი, მოვუწოდებდი მხარდაჭერას ამ მესამე გამოსავლისკენ როგორც ერთ, ისე მორე პარტიას.

მიზანი, როცა ამ პროცესში ჩავებით ის იყო, რომ ამ თანამდებობაზე კონსენსუსი შემდგარიყო. ახლა ჩვენ სახალხო დამცველად კანდიდატების ფართო ასორტი გვაქვს. შესაბამისად, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ცოტა არჩევანი იყო და ვერ შევარჩიეთ. კონსენსუსი არის ერთადერთი საჭიროება, რომელიც ამ პროცესში აუცილებელია. მხარეებს კონსენსუსისკენ მოვუწოდებდი, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროცედურის დასრულება მიუხედავად იმისა, მე ამირჩევენ თუ სხვას“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.