იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს

ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით თუ იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში ყოველგვარ სამედიცინო შემოწმებაზე, ასევე საკვების მიღებაზე და მართლა ავად გახდეს.

„ეს ფაქტი უნდა იყოს ისეთი, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს. ამის შემდეგ შეგვიძლია ამაზე სერიოზული ლაპარაკი. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ავად, სადღაც გადაიყვანეს, შეუწუხდა გული და იმდენჯერ დაიწერა დასკვნა, რომ ამის უკვე არავის აღარ სჯერა და ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ანალიზებს ყურადღებით აკვირდება. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია სულ აქვს, რითაც შეუძლია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულად იმოძრაოს. თუ გვინდა, „ქართულ ოცნებას“ ეს თავდაჯერებულობა წავართვათ, მეტად უნდა გაირისკოს, მათ შორის უარი უნდა ეთქვას სამედიცინო მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, მართლა იფიქროს, რომ სააკაშვილი ცუდად არის. ვიდრე სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ხვიჩიამ.