იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში" გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში" გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი

ჩავთვალოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში” გადაყვანა არის პირველი ნაბიჯი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და ახლა დაველოდოთ, „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს მათი დაშლის შესახებ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ კლინიკის დასკვნა ვერ გადაიყვანს, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება და ეს ნება რომ დადგეს, ამისთვის ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა.

„ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები”, – განაცხადა ხვიჩიამ.