იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს, ხოლო 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს, ხოლო 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს

მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს იმას, რომ ქუჩაში უნდა ისხდნენ, მაშინ როდესაც, მთელი მოსახლეობის ინტერესია პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, „ენდიაის“ დასკვნის მიხედვით, ამომრჩევლის 80 პროცენტი პარლამენტში ოპოზიციის შესვლას ითხოვს.

„ბოლო იმედი არის, რომ ქართული ოპოზიცია და ხელისუფლება „ენდიაის“ დასკვნამ მოიყვანოს აზრზე. ამ დასკვნის მიხედვით ხალხი, 80 პროცენტი პარლამენტში შესვლას ითხოვს, ოპოზიციის 65 პროცენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, ასევე ხელისუფლება ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას ქუჩაში ტოვებს და 36 ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრია, წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევს იმას, რომ ქუჩაში უნდა ისხდნენ, მაშინ როდესაც, მთელი მოსახლეობის ინტერესია პარლამენტში შესვლა.

„ქართული ოცნების“ გეგმა იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეეყვანათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ არჩევნების შედეგად, სამწუხაროდ, გამარჯვებული პარტიაა. ჩემი აზრით, ისინი არ იმსახურებდნენ, რომ ქართველმა ხალხმა ამხელა ნდობა მიანიჭა, რადგან მათ ეს მანდატები, ფაქტია, ფეხებზე ჰკიდიათ. ამბობენ, რომ ქართული პარლამენტარიზმი უნდა დაასრულონ, ანუ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი დავა ქართველ ხალხს პარლამენტარიზმის დაკარგვად დაგვიჯდა. ჩემი ამოცნაა, ადამიანებს, როგორც კორონაისტეერის დროს ვამბობდი და არავინ მიჯერებდა, რომ ასე ქცევა არ შეიძლება და დღეს ცხადი გახდა, რომ სწორი ვიყავით. ახლაც გვინდა, დავაფიქსიროთ სწორი პოზიცია. ქართველო ხალხო, ამ სიგიჟესთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყვეს და რასაც ქართული პარლამენტარიზმის გაქრობა ჰქვია, ჩვენ, „გირჩი“ არაფერ შუაში ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. ყველა პოლიტიკურ აქტორს რამდენჯერმე შევხვდით, არ გვიჯერებენ. შესაძლოა, რამდენიმე დღეში გადაწყდეს, რომ ჩვენ 30-წლიანი მონაპოვარი დავკარგეთ. მინდა, იცოდეთ, რომ „გირჩი“ ამასთან არაფერ შუაში არ არის. მთელი ეს პროცესი, რაც მოხდება, იმის გამო, რომ პოლიტიკოსები რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, რა კრიზისებიც გაძლიერდება, ჩვენ ბრალს ნუ დაგვდებთ, ვიბრძოდით, მაგრამ იმ მანდატების რაოდენობით, რაც გვაქვს, ამის მიღწევა, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.

ასევე, „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.