იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავმოჭრილი ქათამივით მოძრაობს
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავმოჭრილი ქათამივით მოძრაობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევა გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს გაცხადებული აქვთ საჯაროდაც და, როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, რომ დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების დასანქცირების, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეიძლება, მათ ახლა უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ეშინიათ, ან სუს-ის, ან ვინმესი და მზად არიან, საკუთარი ოჯახის წევრების, საკუთარი თავისა და ქვეყნის ინტერესები ყველაფერს შესწირონ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა – რომ წარმოიდგინოთ, ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი დასანქცირებულია და რუსეთში, ირანში დადიან, სხვაგან არ შეუძლიათ, ვიზალიბერალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

წარმოიდგინეთ, რომ ამ აქტით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და რაღაცნაირად მიხარია, რომ ეს მომენტი დგება. ჩვენ გვექნება ყველაფერი იმისთვის, რომ გავიაზროთ, შევცვალოთ და მართლა სერიოზულად ვიზრუნოთ იმაზე, როგორ უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ სხდომას დაესწრება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად, და ამის მერე არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, თავმოჭრილი ქათმებივით მოძრაობენ, რადგან არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე ქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე ფეისკონტროლი არის ბაია პატარაია. ჩვენ ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ ამ ხალხს, რადგან არ მოგვწონს ეს ყველაფერი, ამიტომ არ გვეძახიან. არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იმავეს ვაპირებ სამშაბათს, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაკვირვებიხართ, „გირჩი“ ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციებს. სამშაბათს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.