იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი მარიხუანას მომხმარებლებსაც უნდა ჰყავდეთ
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი მარიხუანას მომხმარებლებსაც უნდა ჰყავდეთ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დეპუტატების ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 2016 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

მისივე თქმით, ნარკოდამოკიდებულება შარდის ანალიზით არ მოწმდება.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარიხუანაზე შარდის შემოწმება, როგორც აუცილებელი ატრიბუტი, აბსურდული და სასაცილოა.

ამასთან, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ.

„პარლამენტის წევრებს აერთიანებთ ერთი უცნაური რამ – ეს არის შარდის სიწმინდე. როდესაც ადამიანს მანდატს აძლევენ მოქალაქეები, ისინი მანდატს აძლევენ ყველაფრის მიუხედავად, თუ როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. ჩემი აზრით, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში მარიხუანა ლეგალურია, მარიხუანაზე შარდის შემოწმება, როგორც საქართველოს პარლამეტის აუცილებელი ატრიბუტი, არის აბსურდული და სასაცილო.

ჩემი აზრით, შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი ნარკოდამოკიდებული, მაგრამ ნარკოდამოკიდებულება შარდის ანალიზით არც მოწმდება. საქართველოში პარლამენტის წევრებს მე ვიცნობდი, ვიცოდი, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას და ზოგი მათგანი სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებასაც, მაგრამ მათი შარდი წმინდა იყო, როცა ისინი აბარებდნენ, როცა გადიოდნენ ამ ტესტირებას.

აქ არის საუბარი, რომ ტესტირებამდე ათი დღე არ მოსწიოს ვიღაცამ და თავს ვიტყუებთ. მე მგონია, რომ ყველანაირ ადამიანს უნდა ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ.

პარლამენტში არ უნდა იყვნენ ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ადეკვატურები არ არიან, მაგრამ იყვნენ მარიხუანას მომხმარებლები – ნორმალური, ადეკვატური ადამიანები“, – განაცხადა ხვიჩიამ.