იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცა იმ ოპოზიციონერი დეპუტატიდან ხუთმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცა იმ ოპოზიციონერი დეპუტატიდან ხუთმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცა იმ ოპოზიციონერი დეპუტატიდან ხუთმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

„შემიძლია, დავდო თავი, რისი მოწმეც ვიყავი, მოგეხსნებათ, ჩემს რიგში ექვსი ადამიანი ვსხედვართ და არცერთს არ მიუცია ხმა. დანარჩენს რაც შეეხება, ხმის მიმცემი არის იმ ადამიანში, ვინც გამოვიდა პროტესტის ნიშნად და თქვა, რომ ვინც დარჩება, იმან მისცა ხმაო. ვინც დარჩა, იმათ არავის მიუცია ხმა ოპოზიციიდან, მაგრამ ვინც გამოვიდა, სხვათა შორის, არის ის 5 კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ხუთი ადამიანია, თავიდან ბოლომდე პროცესი გადაღებულია, თქვენი კოლეგები იღებდნენ ზემოდან. როგორც გითხარით, ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. ამის გადამოწმება შესაძლებელია. დანარჩენი ხომ იცით, პარლამენტის დარბაზში კი არა, არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს, გავიგებთ ალბათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა მისცეს სწორედ იმ დეპუტატებიდან, რომლებიც დარბაზიდან გავიდნენ.

„სხვა, უბრალოდ, არ რჩება. ხუთნი ვინც დავრჩით, არავის მიგვიცია ხმა, შემიძლია, თავი დავდო. დანარჩენი დარჩნენ „ქოცები“. ვიღაც ხუთი ადამიანია, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ვინც დარჩებით, იმათ მიეცით ხმაო და ამ დროს უკვე მიცემული აქვთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.