იაგო ხვიჩია - მგონი, თამაშია, რასაც ახლა ვუყურებთ და სინამდვილეში „ქართული ოცნებაც“ და სალომე ზურაბიშვილიც ერთ ძალას წარმოადგენენ, ეს არის შეურაცხმყოფელი თამაში მოსახლეობისთვის
იაგო ხვიჩია - მგონი, თამაშია, რასაც ახლა ვუყურებთ და სინამდვილეში „ქართული ოცნებაც“ და სალომე ზურაბიშვილიც ერთ ძალას წარმოადგენენ, ეს არის შეურაცხმყოფელი თამაში მოსახლეობისთვის

დამოუკიდებელი სასამართლოს ზეიმია ბათუმიდან, მგონი, ყველამ იცოდა ეს ამბავი და ყველამ იცოდა, რაც მოხდებოდა პროცესთან დაკავშირებით, ხმები რომ ექვსი/სამზე გაიყოფოდა, ეს ამბავიც ყველამ იცოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანა.

„მგონი, ჩვენ ახლა უკვე უნდა დავადგინოთ ის მიჯნა, რომლის მერეც ქართველი ხალხი ზოგადად ასეთ დაცინვას არ აიტანს. ზოგადად, მთელი პროცესი იყო ქართველი ხალხის დაცინვა, მათი ნერვებით და მოთმინებით თამაში. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება“ არ არის მონდომებული ამ თვალსაზრისით და ფულს არ ხარჯავს ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერებში. შესაბამისად, დავასკვენი არა ის, რომ მათ ფული არ აქვთ, არამედ ის რომ მათ არ უნდათ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. მათ უნდოდათ, რომ ქალბატონი სალომე გადაეგდოთ ოპოზიციის მხარეს და ამით მოებილიზებინათ ის ხმები, რომლებიც მათი ბოლო პერიოდის პოლიტიკის გამო პროდასავლური ხმები დაკარგეს. ეს იყო ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შიგნით ინიცირებული კონფლიქტი, რომელიც ბოლომდე არ მივა და ქალბატონი სალომეც დარჩება პრეზიდენტად, ჩემი რწმენით. უბრალოდ, ადამიანთა დიდი ნაწილი წარმოიდგენს, რომ ქალბატონი სალომე მართლა ოპოზიციონერია და რაღაცნაირად ჩათვლის, რომ მას აქვს არჩევანი პროდასავლურ „ქართულ ოცნებას“ და არაპროდასავლურ „ქართულ ოცნებას“ შორის. მგონი ეს თამაშია, რასაც ახლა ვუყურებთ და სინამდვილეში „ქართული ოცნებაც“ და სალომე ზურაბიშვილიც ერთ ძალას წარმოადგენენ. უბრალოდ, ეს არის შეურაცხმყოფელი თამაში საქართველოს მოსახლეობისთვის, როდესაც მას ატყუებენ, თითქოს მათ გუნდში რაღაც ხდება, რაღაც რომ ხდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ქალბატონი სალომეს გადაყენება არ გაუჭირდება, ოპოზიცია სიამოვნებით დაეხმარებოდა ცოტას ფინანსურად თუ წაეშველებოდნენ ამ პროცესში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.