იაგო ხვიჩია - მედიასაშუალებებში გავხსნათ სადისკუსიო სივრცე და დასავლეთმა დაინახოს, რომ გვყოფნის ენერგია, ქვეყნის ინტერესები დავიცვათ
იაგო ხვიჩია - მედიასაშუალებებში გავხსნათ სადისკუსიო სივრცე და დასავლეთმა დაინახოს, რომ გვყოფნის ენერგია, ქვეყნის ინტერესები დავიცვათ

მთავარი პრობლემა, რაც პოლარიზებულ გარემოში გვაქვს, არის ის, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მედია საუბრებისთვის დაკეტილია – ოპოზიციურ არხებზე არ დადიან ხელისუფლებების წარმომადგენლები, სახელისუფლებო არხებზე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„დეპოლარიზაცია ყველაზე რთული პუნქტია. ეს არის პუნქტი, რომლის შესრულების ახლა საქართველოში არც ერთ მოქალაქეს არ სჯერა. დარწმუნებული ვარ, ეს არც დასავლეთში სჯერათ ჩვენს მეგობრებს. რა უნდა გავაკეთოთ, რათა რაღაცნაირად გაჩნდეს რწმენა, რომ შეგვიძლია დეპოლარიზებული გარემოს შექმნა და ევროპის კართან არ მივიდეთ პრობლემებით, რომ ერთმანეთს ვხოცავთ, ერთმანეთთან ლაპარაკის საშუალება არ გვაქვს. მათ შორის ის, რაც ხდება და ხდებოდა დღეს ამ დარბაზში, არ მგონია, დასავლეთისთვის მოსაწონი იყოს.

მთავარი პრობლემა, რაც პოლარიზებულ გარემოში გვაქვს, არის ის, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. მათ შორის პარლამენტია ადგილი, სადაც ფაქტობრივად არც ერთ სერიოზულ თემაზე არ ხდება ლაპარაკი. რეალურად, ეს პარლამენტი მხოლოდ ჩხუბისთვის, დაპირისპირებისთვის არსებობს. დავიწყოთ ორივე მხრის პრობლემებიდან – როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, რა განაპირობებს ამ ცალმხრივობას. პირველ რიგში, განაპირობებს ის, რომ მედია არის დაკეტილი საუბრისთვის. ანუ პარლამენტში ერთმანეთს რომ არ ვუსმენთ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მედია დაკეტილია და დაკეტილია ორივე მხრიდან. ჩვენ, „გირჩი“ შექმნის დღიდან ვართ დაბლოკილი მთავარ ოპოზიციურ არხზე. რატომ ვართ დაბლოკილი, ვინმემ იცის? რა საჭიროა, რა საერთო ოპოზიციური ღირებულებებისთვის არის ეს კარგი ან ქვეყნისთვის არის კარგი? ზუსტად იგივე ხდება სახელისუფლებო არხებზე, ოღონდ შემიძლია, მადლობა ვუთხრა რაღაც თვალსაზრისით, რადგან სახელისუფლებო არხებზე ასე თუ ისე ვართ და ადამიანებისთვის ხმის მიწვდენის საშუალება გვაქვს, განსხვავებით მთავარი ოპოზიციური არხისგან. ამის მიუხედავად, ყველას გვესმის, რომ იქაც არაფერზე არ არის ლაპარაკი. ოპოზიციურ არხებზე არ დადიან ხელისუფლებების წარმომადგენლები, სახელისუფლებო არხებზე – ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ კიდევ გვაქვს ამოცანა, დეპოლარიზაცია გვჭირდება ერთმანეთში, ევროპელები ელოდებიან, ჩვენ როდის შევრიგდებით.

რა მოხდება, რა შეიცვლება ამის გამო, თუ ერთ რამეზე შევთანხმდებოდით, რომ მედიასაშუალებებს ვხსნით პოლიტიკური დისკუსიებისთვის. ვისაც აქვს მედიასაშუალება, ოპოზიციასაც ეხება, ხელისუფლებასაც. იქნებ, ოპოზიციურ მედიაში დავიწყოთ ერთობლივად საუბარი იდეებზე, გამოსავალზე დაიწყოს სერიოზულად ლაპარაკი და არა ერთმანეთის ქებაზე, რა მაგარი ერთობლიობა აქვს ოპოზიციას, როგორ დგანან ისინი ერთად და ასე შემდეგ, როდესაც, სინამდვილეში, ეს ერთობლიობა არის უიდეობაში. დისკუსია, მსჯელობა უნდა დავიწყოთ და თუ კოალიციური მმართველობა გვინდა, მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმაც, ოპოზიციის წევრმაც და „ქართული ოცნების“ წევრმაც იცოდეს, რა შემთხვევაში, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ მომავალში. რა არის სტიმული და საქმეები, რომლებიც გვაინტერესებს და რომელიც მომავალში ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებაზე მოახდენს გავლენას. თქვენ „ქართულ ოცნებას“ შეუკრავთ კოალიციას? ეს ხო ბრალდება იყო. როდესაც ამას ვისმენდით, იყო არა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის რაღაც შეკითხვა, არამედ ბრალდება. ზუსტად იგივე – თქვენ გინდათ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში? მსურს, ამ დისკუსიას გავცდეთ. თუ ამას არ გავცდებით, ჩემი აზრით, არც შანსი გვექნება, ევროპაში მიგვიღონ და ვერც აქ განვავითარებთ ვერანაირ დემოკრატიას. ამიტომ პირველი ნაბიჯი, რომელიც გვჭირდებოდა ჯერ კიდევ ზაფხულში, გვჭირდება ახლაც და დაგვჭირდება, ვიდრე შანსი არსებობს, ევროინტეგრაციისკენ წავიდეთ, არის ის, რომ ერთმანეთის დაჭერის, მუქარების, ბულინგის ნაცვლად, საუბარი დავიწყოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ გაუხარდა, როდესაც პრემიერმა დღეს პარლამენტში შეურაცხყოფის ნაცვლად, საუბრის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

ხვიჩიამ თხოვნით მიმართა „ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრს, გახსნან სადისკუსიო სივრცე, ოპოზიცია, ხელისუფლება ცივილურობის ფარგლებში მოიქცეს და თუ რამეზე საკამათო იქნება, არა საჯაროდ, არამედ სტუდიებში იკამათონ.

„გამიხარდა, რომ პრემიერმა შეურაცხყოფის ნაცვლად, საუბრის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მინდა, „ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრს ვთხოვო, გავხსნათ სადისკუსიო სივრცე, დავიწყოთ ლაპარაკი, როგორიც არ უნდა იყოს ლაპარაკი ოპოზიციასთან, საჩხუბარია? სტუდიებში იყოს ეს ჩხუბი. საკამათოა? სტუდიებში ვიკამათოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, დასავლეთმა დაინახოს, რომ ჩვენ ცივილურობის ფარგლებში ვიქცევით, სტუდიებში ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გვყოფნის ენერგია, ქვეყნის ინტერესები დავიცვათ.

მსურს, დავდო ფორმულა, როგორ წარმომიდგენია ქვეყნის განვითარების გზა და ჩვენ კოალიციას შევკრავთ იმასთან, ვინც ამ ფორმულას მეტად დაეთანხმება. მინდა, კონკურენცია შევქმნა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა ოპოზიციას შორის, ჩემთან, „გირჩთან“ მოსალაპარაკებლად. არსებობდეს ჩვენი წინადადება წინასწარ და ყველამ იცოდეს, კოალიციას ვუკრავ იმას, ვინც მეტად მთანხმდება ამ წინადადებაზე, არ იყოს ერთმანეთის დაბრალება, ვინ ვისი მოსყიდულია და ა.შ. ამისთვის მედია მჭირდება, მჭირდება „ქართული ოცნების“ მედიაც, ოპოზიციური მედიაც. ჩვენ ორივეგან გჭირდება ლაპარაკის დაწყება და არა ის, რომ ჩვენს ტელევიზიებში მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს ველაპარაკებით, მეორეს ვაგინებთ და ასე იკვებება პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.