იაგო ხვიჩია - მედიას იდიოტი რომ ვეძახე, ჩემი მიმართვის ობიექტია ის ხალხი, ვინც მითითება არასწორად მისცა, გადავწყვიტე, ეპატაჟი მომეწყო, გამომეფხიზლებინეთ
იაგო ხვიჩია - მედიას იდიოტი რომ ვეძახე, ჩემი მიმართვის ობიექტია ის ხალხი, ვინც მითითება არასწორად მისცა, გადავწყვიტე, ეპატაჟი მომეწყო, გამომეფხიზლებინეთ

პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია განმარტებას აკეთებს თავის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მედიის წარმომადგენლებს იდიოტებს უწოდებს.

„გადავწყვიტე, ეპატაჟი მომეწყო, გამომეფხიზლებინეთ. თქვენ როგორ მოიქცეოდით, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მედიის თავისუფლება თვალსა და ხელს შუა მიაქვთ. მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან, იდიოტები ვუწოდე. ახლა მინდა განვმარტო, ვის ვუწოდე იდიოტები. ვინ იყო ჩემი მიმართვის ობიექტი? ის ხალხი, რომელმაც გუშინ გაიგო, რა ხდებოდა დარბაზში, ჩვენ მოგვისმინა, დილით თქვენ მოგცათ მითითებები და ამ მითითებებში ეს საკითხი არ შეიტანა. წარმოიდგინეთ, თქვენ მედიამენეჯერი ხართ. დაინახეთ კანონპროექტი, რითაც გახრჩობენ და თქვენ უშვებთ აქ ჟურნალისტებს. ჯერ რატომ გაქვთ მოწყობილი ასეთი სისტემა, რომ ჟურნალისტებს თავისი კითხვის დასმის უფლება არ აქვთ და კითხვა გამზადებული უნდა მოუვიდეთ. თქვენ რომ ამის უფლება გქონოდათ, ვიღაც თქვენგანი მართლა მიხვდებოდა, რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა კანონპროექტი იყო ეს. ვიღაც აღმოჩნდებოდა, რომელიც ამაზე მართლა დაიწყებდა ბრძოლას, ისე, როგორც „გირჩი“ იბრძოდა გუშინდელი დღიდან მოყოლებული. იდიოტები რომ ვეძახე, ჩემი მიმართვის ობიექტია ის ხალხი, ვინც მითითება არასწორად მოგცათ. აქაურ ხალხს რაც შეეხება, ისინი მეცოდებიან, რომ პროფესია წაართვეს. მეც პროფესიაწართმეული ადამიანი ვარ, ამიტომ აღმოვჩნდი პოლიტიკაში. იურისტი ვიყავი და პროფესია წამართვეს. რაც არ უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მიმექცია, გამეღიზიანებინეთ ხალხი, რომელთა ყურადღება ვერაფრით მივიქციე. რა არ ჩაგვიდენია ამ დარბაზებში, ჯარის კანონთან დაკავშირებით 14-საათიანი განხილვები გვქონდა, მედია რომ ისვენებდა ქვემოთ, დარბაზის წინ, საერთოდ სხვაგან იყო გასული. მაშინაც საყვედური გითხარით და ვაწყენინე ადამიანების ნაწილს, რომელთაც პირადად პატივს ვცემ და მათთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს. სინამდვილეში, მაშინაც ხომ ეს გითხარით – თუ მედია ხარ, თუ გესმის, რა შენობაშიც ხარ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, გამოხატვის თავისუფლება მიაქვთ ერთ დღეში-მეთქი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილები მედიის წარმომადგენლებს პროფესიას დააკარგვინებს.

„რა მოხდება? მივალთ რომელიმე ტელევიზიაში ან ჩვენს ტელევიზიაში მოვა სხვა, რომელიც რაღაცას იტყვის ისეთს, რაც „ქოცებს“ არ მოეწონებათ ან ვიღაცას არ მოეწონება, ვინც იერარქიის თავშია. ეს ან სიძულვილის ენა გამოვა, ან უხამსობა, რაღაცისკენ მოწოდება და მოგადგებიან. ჩვენც გვაქვს ტელევიზია და ჩვენს თავზეც ვღელავთ. მოგადგებიან, ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ გაგიძვირებენ ამ ჯარიმას, შემდეგ დაგხურავენ. პროფესიას დაკარგავთ ან მოგიწევთ ისეთ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც ზუსტად იმას გააკეთებთ, რაც მთავრობას გაუხარდება. შეიძლება, ეს დღეს გასვლადია, რადგან ოპოზიციურ მედიაშიც იგივე პრობლემაა. უდიდეს შემთხვევაში, ჟურნალისტები იმას აკეთებენ, რაც ვიღაცას უნდა. დაჩლუნგებულია გრძნობა – არ მინდა, ვაკეთო ის, რაც მე არ მინდა, რაც მე არ მჯერა, რასაც ვიღაც თავს მახვევს. ეს ჟურნალისტური გრძნობა დაჩლუნგდა პარლამენტში და ზოგადად, მედიაში. იმდენად დაჩლუნგდა, რომ ვინც გამოდის თქვენი ყურადღების მისაქცევად, რაღაც სიტყვას გეძახით, ამ ადამიანს ასკდებით, ამ ადამიანზე გადაგაქვთ ბოღმა და მადლობას უხდით იმ ხალხს, რომელსაც ეს კანონპროექტი შემოაქვს. ნაცვლად იმისა, რომ იპოვოთ გზები, როგორ შეიძლება, ამ ბოროტებას დაუპირისპირდეთ, მადლობა გვითხრათ იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას გავაგებინეთ, რასაც გიპირებენ, გაბრაზებულები ხართ, როგორ გვაკადრაო. ილია ჭავჭავაძეს აქვს „ბედნიერი ერი“, მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობიო, ხომ გაგიგიათ? ეგ გჭირთ“, – განახადა იაგო ხვიჩიამ.