იაგო ხვიჩია - მარტო სააკაშვილი არ არის ავად, მჯერა, მას კარგად მოუვლიან, მაგრამ ყოველდღიურად ვხვდებით პატიმრებს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ციხეში სხედან
იაგო ხვიჩია - მარტო სააკაშვილი არ არის ავად, მჯერა, მას კარგად მოუვლიან, მაგრამ ყოველდღიურად ვხვდებით პატიმრებს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ციხეში სხედან

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ პატიმართა საკითხს, რომელთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხე ემუქრება.

ხვიჩიას თქმით, სასჯელის მოხდა არ უნდა იქცეს სასიკვდილო განაჩენად. მისი განმარტებით, სპეციალური მექანიზმის გამოყენებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლებელი უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლება.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომაზე კოლეგებს მიმართა, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს სხვა პატიმრებსაც.

„დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად პატიმრის უფლებებზე, რასაკვირველია, მიხეილ სააკშვილის მაგალითზე, მაგრამ იმ ვითარებაზე, რა ხდება მაშინ, როდესაც პატიმარი ცუდად არის და შეიძლება, სასიცოცხლო რისკი ჰქონდეს. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მინდა, ასეთ ერთ პატიმარზე გესაუბროთ, ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება მაშინ, როდესაც პატიმარს ციხეში სასიკვდილო რისკი ემუქრება და, ზოგადად, როგორი მიდგომა გვაქვს ავადმყოფ პატიმრებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა კვდებოდნენ. ჩვენ უნდა გვქონდეს  მექანიზმი. სასჯელის მოხდა არ არის სასიკვდილო განაჩენი. სასჯელის მოხდა არ შეიძლება, იყოს ისეთი რამ, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეიძლება, გარდაიცვალოს იმის გამო, რომ ციხეშია და არ არსებობდეს მისი ციხიდან გათავისუფლების მექანიზმი. ჩვენ ასეთი ტიპის მექანიზმები გვაქვს კანონმდებლობაში და მინდა, უფრო ხშირად ვიყენებდეთ ამ მექანიზმს.

ახლა მოგიყვებით ერთი პატიმრის შესახებ, რომლის მეუღლეც ჩემთან იყო მოსული და უბრალოდ ვიცი ამ პატიმრის სიტუაცია. ამ ადამიანს სასჯელის მოხდის ვადად დარჩენილი აქვს ხუთი თვე, დანარჩენი სასჯელი მოხდილი აქვს. მინდა, ჩვენ გვქონდეს პოლიტიკა, მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ზოგადად, პარლამენტს რაღაც თვალსაზრისით ჰქონდეს საშუალება, რომ დავაკვირდეთ ავადმყოფი პატიმრების მდგომარეობას და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სასჯელი არ იქცეს სიკვდილით დასჯად თავისი შინაარსით.

მინდა, ვთხოვო იმ ხალხს, რომელსაც ეხება (ციხეების ადგილობრივი საბჭოები), რომ ასეთ პატიმრებზე შეღავათი გააკეთონ და პარლამენტში ჩვენს კოლეგებსაც მინდა, ვუთხრა, მარტო ერთი პატიმარი კი არ გვყავს ავად, მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის ავად. მჯერა, მიხეილ სააკაშვილს კარგად მოუვლიან, რადგან მთავრობას არ აწყობს მისი ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომ სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ ყოველდღიურად ვხვდებით პაციენტებს, რომლებსაც იგივე პრობლემა, სიცოცხლის პრობლემა აწუხებთ და ციხეში სხედან. მინდა, დავიჯერო, ინსტრუმენტები, რომლებიც კანონში გვიდევს, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლებელი გახდეს ადამიანის გათავისუფლება, ეფექტურად მოქმედებს და ამას დავინახავ ამ კონკრეტულ ერთ მაგალითზე. მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ მის განზოგადებას მიხელ სააკაშვილის თუ სხვა, ჩემთვის უცნობ მაგალითებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.