იაგო ხვიჩია  - მაგიდა უკვე აყირავებულია, თავიდან ხომ არ ავაყირავებთ, ამავე მიზეზით თუ  უნდა დავსხდეთ, სჯობს, თავი დავანებოთ
იაგო ხვიჩია - მაგიდა უკვე აყირავებულია, თავიდან ხომ არ ავაყირავებთ, ამავე მიზეზით თუ უნდა დავსხდეთ, სჯობს, თავი დავანებოთ

მოლაპარაკებები დიდი ხანია, გრძელდება და ამას შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოლაპარაკებები მას შემდეგ უნდა გაგრძელდეს, როდესაც მხარეები ჩამოყალიბდებიან, რა უნდათ ერთმანეთისგან. ახლა ჩხუბი უნდათ და ეძებენ მიზეზს, როგორ ააყირავონ მოლაპარაკების მაგიდა – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება რომ ვერ შედგა, ეს ორივე მხარის ბრალია.

„მოლაპარაკების მაგიდა უკვე აყირავებულია. შესაბამისად, თავიდან ხომ არ ავაყირავებთ და თუ იმავე მიზეზით უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სჯობს, თავი დავანებოთ. ორივეს ბრალია, რომ ვერ შედგა შეთანხმება. ოპოზიციის ბრალი იმიტომაა, რომ რაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, რომ არჩევნების გაყალბება არ მტკიცდებოდა, მათ ჰქონდათ ახირებული მოთხოვნა, კვლავ ითხოვდნენ ხელახალ არჩევნებს. ხოლო ხელისუფლების ბრალია, რომ ზუსტად იცის, ჰყავს უკანონო პატიმრები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით სხედან ციხეში და მათი არგამოშვებით პროცესი შეაფერხა, რომ სხვა ადამიანებს ხელი არ მოეწერათ ამისთვის. ეს შეგნებულად გააკეთა. ამიტომ პასუხისმგებელი არის ორივე. ერთი სიბრიყვეში გაჯიუტების გამო და მეორე იმის გამო, რომ ადამიანთა ბედით თამაში მისთვის არის ჩვეულებრივი მორალური ამბავი. თქვენ რომ იყოთ ევროკავშირის წარმომადგენელი და ეს ყველაფერი, რაც მათ თავზე გადახდა, ხდებოდეს სადღაც პაპუასებში, დაბრუნდებოდით თუ არა პაპუასებში? შეიძლება კი, დაბრუნებულიყავით. შეგეცოდოთ, გინდათ, რომ ნორმალურად იცხოვრონ, მაგრამ მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, როგორც პაპუასების მიმართ, არის სრულიად ლეგიტიმური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.