იაგო ხვიჩია - გახარიას და „ლელოს“ შანსი ექნებათ, თუ გაერთიანდებიან, ერთს ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს, მეორეს - ფული, ჩვენ ისედაც არცერთს ვგავართ, ერთადერთი ვართ, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს
იაგო ხვიჩია - გახარიას და „ლელოს“ შანსი ექნებათ, თუ გაერთიანდებიან, ერთს ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს, მეორეს - ფული, ჩვენ ისედაც არცერთს ვგავართ, ერთადერთი ვართ, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს

ოპოზიციას რომ ვუყურებ, მგონი, საარჩევნოდ ჯერ მოქმედება არ დაუწყიათ და არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.

„საარჩევნოდ ჩვენი გეგმებია ისეთი ნდობის მანდატის მოპოვება, რომ „ქოცებს“ და „ნაცებს“ ჩვენ გარეშე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება არ ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია, იმ დოზით ვიყოთ წარმოდგენილი, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ 30%-ზე მეტს თუ ვერ კრავენ, ჩვენი დახმარება დასჭირდეთ. დანარჩენ ოპოზიციას რომ ვუყურებ, მგონი, ჯერ საერთოდ მოქმედება არ აქვთ დაწყებული და არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. გვარამია თუ ასე შემდეგ, რაც მეტს იყვირებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვემიჯნებითო, მით მეტად დატოვებენ „ქოცებისგან“ გადაბირებულების შთაბეჭდილებას, ისევე, როგორც რაც მეტს იყვირებენ „ნაცები“, გვარამიას არ შემოვუშვებთ ჩვენს რიგებში, ცალკე რაღაც აკეთოსო, უფრო მეტად დატოვებენ „ქოცების“ მიერ მოსყიდულის შთაბეჭდილებას. ჩემთვის, ნორმალური ხალხისთვის გვარამიას და „ნაცების“ ერთმანეთისგან გამიჯვნა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმ შემთხვევაში, თუ „ნაცმოძრაობა“ ქოცების მიერ არის გადაბირებული და მთლიანად მათ ჯიბეშია, შესაძლოა, ოპოზიციას მაინც არ ჰქონდეს შანსი. ასი პროცენტით გადაბირებული და მოსყიდული ოპოზიციის არ მჯერა. ამიტომ, ჩემი აზრით, საშიშია, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსყიდული რომ ჰყავდეს „ქოცებს“. ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნება თუ იქნება, მოსყიდულიც რომ იყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ეცდება, გახდეს ოპოზიციონერი, მაგრამ მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას ასეთი უცნაური ცეკვა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ორივე ან რომელიმე მათგანი მოსყიდული ჰყავს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა შანსები აქვს სხვა ოპოზიციას საარჩევნოდ, ხვიჩიამ აღნიშნა:

„გახარიას და „ლელოს“ შანსი ექნებათ, თუ გაერთიანდებიან, რადგან ერთს გამოცდილება აქვს ქვეყნის მართვის, მეორეს – ფული. ჩვენ ისედაც არავის ვგავართ ამ პოლიტიკურ სპექტრში და ერთადერთი ვართ, რომელიც დაფუძნების დღიდან დღემდე სიმართლეს ლაპარაკობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.