იაგო ხვიჩია - „ლელომ“ ჯერ არჩევნები გადააგოროს ისე, ყველა ლიდერი ადგილზე იყოს, პოლიტიკიდან არ იყოს გაქცეული და შემდეგ დავიჯერებ, რომ განახლების უნარი აქვს
იაგო ხვიჩია - „ლელომ“ ჯერ არჩევნები გადააგოროს ისე, ყველა ლიდერი ადგილზე იყოს, პოლიტიკიდან არ იყოს გაქცეული და შემდეგ დავიჯერებ, რომ განახლების უნარი აქვს

მოდით, „ლელომ“ ჯერ არჩევნები გადააგოროს ისე, რომ ყველა ლიდერი ადგილზე იყოს, პოლიტიკიდან არ იყოს გაქცეული და შემდეგ დავიჯერებ, რომ განახლების უნარი აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

იაგო ხვიჩიას თქმით, ეჭვი ეპარება, „ლელომ“ მესამე ძალის ფუნქცია შეასრულოს.

„ლელოს“ ალტერნატივობის ამბიცია რომ ჰქონდეს, მიხვდებოდა თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, რომ მათი ძლიერი მხარეა ფული, ხოლო სუსტი – პოლიტიკური აზროვნება. შესაბამისად, თავისი ძლიერი მხარით სუსტ მხარეს დააკომპლექტებდა. პირიქით ხდება – ძლიერ მხარეს ფლანგავს და სუსტ მხარეს უფრო აძლიერებს. შესაბამისად, მეეჭვება, რომ მესამე ძალის ფუნქცია გასწიოს. „ლელოს“ პოლიტიკური გამჭრიახობის ნახვა თუ გინდათ, უნდა ნახოთ, პოლიტიკაში რამდენი ფული დახარჯეს და რამდენი დეპუტატი ჰყავთ პარლამენტში. „ლელოს“ მხრიდან საკუთარ თავზე გახარჯული ფული გაფლანგულია. მათ ლიდერებს ბევრი ფული აქვთ და შეუძლიათ, საკუთარი გართობისთვის გაფლანგონ. როგორ შეიძლება, ასეთი ფულიანი ხალხი არ ერთობოდეს. როგორ ერთობიან? ეს მეც მიკვირს. მაინც და მაინც კარგი გამრთობები არ არიან. რას ვიზამთ? ფული მათია და როგორც უნდათ, ისე დახარჯავენ. „ლელომ“ პოლიტიკურ ბაზარზე ვისი შოვნაც შეძლო, ის იშოვა. ტრანსფერები ასე მარტივად სანახავი არ არის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.