იაგო ხვიჩია - „გირჩს“ რატომ არ შეგვხვდა „ლელო“, მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ როგორც ჩანს, გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ იტოვებენ
იაგო ხვიჩია - „გირჩს“ რატომ არ შეგვხვდა „ლელო“, მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ როგორც ჩანს, გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ იტოვებენ

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კარგია, თუ „ლელო“ მიხვდა და პოლიტიკურ პარტიებთან საუბარი დაიწყო. ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩია ირმა ინაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის შეხვედრას გამოეხმაურა.

„ამომრჩეველს ის აბნევს, როცა პარტიამ არ იცის, რა უნდა. როცა პარტიამ იცის, რომ მას სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდება და მათ ლიდერებს ხვდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია. კარგია, თუ „ლელო“ მიხვდა და პარტიებთან საუბარი დაიწყო. შედეგს მომავალი გვაჩვენებს, ეს ამბავი როგორ გამოუვათ. მგონი, საქართველოში არც პროდასავლელის მნიშვნელობა გვესმის და არც პრორუსულის ისე, როგორც უნდა გვესმოდეს. პარტიებს შორის ლაპარაკში პრობლემას ვერ ვხედავ. რა შედეგს მიაღწიეს, ვნახავთ. „ლელო“ ჩვენ რატომ არ შეგვხვდა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. როგორც ჩანს, გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ იტოვებენ“, – დასძინა ხვიჩიამ.

„ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.