იაგო ხვიჩია - კომუნიკაციის პრობლემა არც ერთ პარტიასთან და ლიდერთან არ მაქვს, ყველასთან მაქვს კონსულტაცია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით
იაგო ხვიჩია - კომუნიკაციის პრობლემა არც ერთ პარტიასთან და ლიდერთან არ მაქვს, ყველასთან მაქვს კონსულტაცია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ისინი გეგმავენ, საკუთარი მოთხოვნა და ინიციატივა ყველა პარტიას გააცნონ. მისი თქმით, კომუნიკაცია ოპოზიციის გარდა „ქართული ოცნების“ ლიდერებთანაც აქვთ.

„ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ და დავნიშნოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მგონი, ეს ძალიან გასაგები და ბუნებრივი პირობაა. თუ ეს პირობა მომგებიანია „ქართული ოცნებისთვის“ და მათ მიუხედავად იმისა, რომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი გასწორდა, მოიგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დიახ, უფლება აქვთ, რომ შემდეგი ოთხი წელი მართონ ქვეყანა. წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც, ამათ თუ ადგილობრივი არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვიგეთ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განცხადებით, კონსულტაციების გამართვას, როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან განაგრძობს.

„არ მაქვს არავისთან ლაპარაკის პრობლემა, ამ ქვეყნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერთან, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. მე ყველას ვხვდები, ყველას ველაპარაკები, შეხვედრაა, თუ ტელეფონით კომუნიკაცია, რა მნიშვნელობა აქვს. თბილისში ვცხოვრობთ, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს სხვადასხვა პარტიიდან, ყველასთან მაქვს კონსულტაცია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით. დავუშვათ კობახიძეს შევხვდი, რა მოხდა? მე ზოგადად, როცა კომუნიკაცია მაქვს, კომუნიკაცია მაქვს იმ ხალხთან, რომელიც როგორც წესი, ჩემი აზრით, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ტროლებთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით კვირაში ერთხელ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვესაუბრები. არ მახსოვს, ბოლო შეხვედრა როდის იყო, კომუნიკაცია იყო მათ შორის ახალი წლის მერეც“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.

დატოვე კომენტარი