იაგო ხვიჩია - კომისიის შექმნაში აზრი არის, თუ მართლა გაღელვებს საკითხი, მაშინ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენო, რათა დაადგინო, რა მასშტაბით გაყალბდა ან გაყალბდა თუ არა არჩევნები
მგონი კომისიის შექმნაში აზრი არის, რადგან თუ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ან შენ თვითონ უნდა გქონდეს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ფასილიტატორების მაგიდაზე შენს უპირატესობას მოგცემს ან თუ მართლა გაღელვებს გულწრფელად ეს საკითხი, მაშინ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენო, რათა დაადგინო, რა მასშტაბით გაყალბდა ან გაყალბდა თუ არა არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღდმდეგი არ არის.
„პრობლემა, რომელიც არსებობდა ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში ამ საკითხის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ ვერ ვენდობით „ქართულ ოცნებას“, ეს იყო მაშინ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი, თუმცა თვითონ გზა, რომ სიყალბე დადგინდეს ასეთი ფორმით, სწორია. მე ვურჩევდი იმ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც ვალდებულება აქვს აღებული, რომ დაამტკიცონ არჩევნების გაყალბების ფაქტი და მისი ოდენობა მასშტაბი, ვფიქრობ რომ ან სხვა რამე უნდა მოიფიქრონ ამის დასადასტურებლად მოლაპარაკების მაგიდასთან ან ამ გზით უნდა ეცადონ დადასტურებას. ვფიქრობ, შეუძლებელია ისე გაეყალბებინა ვიღაცას არჩევნები, რომ კვალი არ დაეტოვებინა და ჩვენ ამ კვალს მივაგნებთ, თუ მოვინდომებთ, არ არის ეს ისეთი ტიპის დარღვევა რომლის აღმოჩენა შეუძლებელია. „გირჩს“ აღელვებს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ჩვენ ამ საკითხზე ველაპარაკებით ხელისუფლებას რეალურად, არჩევნების გაყალბების საკითხი და ვადამდელი არჩევნების საკითხი ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაგრამ არ იყო მთავარი საკითხი, მთავარი საკითხი პროპორციული არჩევნებია. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს საკითხი ჩემს კოლეგებს ჩემზე მეტად უფრო უნდა აღელვებდეთ, იმიტომ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ მტკიცებულებას ემყარება სინამდვილეში“, – განაცხადა ხვიჩიამ.