იაგო ხვიჩია - ხელშეკრულების სულისკვეთება პირველად დაირღვა პრეზიდენტის ხელშეწყობით, როდესაც მან კონკრეტულ კანონპროექტს ვეტო არ დაადო
იაგო ხვიჩია - ხელშეკრულების სულისკვეთება პირველად დაირღვა პრეზიდენტის ხელშეწყობით, როდესაც მან კონკრეტულ კანონპროექტს ვეტო არ დაადო

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივი სტატია კეთილი სურვილების შესახებაა.

რაც შეეხება სტატიაში ყველა მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე საუბარს, იაგო ხვიჩიას განმარტებით, ხელშეკრულების სულისკვეთება პირველად დაირღვა პრეზიდენტის ხელშეწყობით, როდესაც მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

„ჩემი აზრით, კეთილი სურვილების შესახებ წერილია და კარგია, რომ ჩვენმა მეგობრებმა ისევ გაიხსენეს ცოტა ხნის წინანდელი ჩვენს თავს არსებული ამბები, ისევ მოგვიწოდეს, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული მოლაპარაკება.

რაც შეეხება ყველა მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას, ჩემი აზრით, ეს პრეზიდენტით უნდა დაწყებულიყო. თქვენ იცით, რომ ხელშეკრულების სულისკვეთების პირველი დარღვევა მოხდა პრეზიდენტის ხელშეწყობით, როდესაც მას ვეტო უნდა დაედო კონკრეტულ კანონპროექტზე და არ დაადო. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს და მინდა, ეს იყოს უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტის დარღვევაზე ვისაუბრებთ.

ჩვენ, ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში, „გირჩი“ ვეცდებით, არ დავარღვიოთ ეს კონტრაქტი და გვინდა, სხვა მხარეც ასეთი ყურადღებით მოეკიდოს ამას. კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის იმედი გვქონოდა ამ საკითხში, მაგრამ ეს არ გამოვიდა და ამიტომ დამოკიდებულია ჩვენზე, დანარჩენ მოთამაშეებზე, რომ ეს შევასრულოთ პატიოსნად.

მართლსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებამაც იცის, რომ ამას არ შეასრულებს, სამწუხაროდ, ჩვენ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხში ამ დოკუმენტის იმედად ვერ ვიქნებით. მგონი, ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც სხვა პუნქტები რომ შესრულდეს, და დარწმუნებული ვარ, შესრულდება, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. მართმსაჯულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრად მეტი გვაქვს სამუშაო, ჩვენ თვითონ გვაქვს სამუშაო, ყველაფერში მეგობრები ვერ გადაგვიწყვეტენ პრობლემებს.

ძალიან სწორი და ცხადი მესიჯია იქიდან გამომდინარე, რომ ევროპელებმა ჩვენი ქვეყნის პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი რამ გააკეთეს, ისინი ძალიან გულწრფელად ელოდებიან იმას, რომ ჩვენც ვიქნებით  ევროატლანტიკური მიმართულების ერთგული და იმ კონტრაქტს, რის მიღწევაშიც დაგვეხმარნენ, ბოლომდე შევასრულებთ.

ეს შეთანხმება არის კრიზისის დასრულების დასაწყისი, მან მოგვცა საშუალება, თუ გვინდა, კრიზისი დავასრულოთ, მაგრამ კრიზისის დასრულება დამოკიდებულია პოლიტიკურ მოთამაშეებზე, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაზე“, შესაბამისად, მათ ქმედებებზეა ეს დიდწილად დამოკიდებული, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯია გადადგმული და ამ ნაბიჯს ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად მივყვებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.