იაგო ხვიჩია - ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან და პარლამენტში შევლენ, „გირჩიც“ შევა
იაგო ხვიჩია - ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან და პარლამენტში შევლენ, „გირჩიც“ შევა

ერთჯერადად შესვლას არ განვიხილავთ, თუ შევალთ შევალთ. ხუთპროცენტიანი ბარიერის ერთჯერადად სამ პროცენტამდე დაწევას რაც შეეხება, არსებულ ვერსიას ჯობია, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ „გირჩი„ მარტო შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმებს, როგორც ხვიჩია ამბობს, მას არ ჰგონია, რომ სასამართლო რეფორმის ნაწილს „ქართული ოცნება“ დათმობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან და ისინი პარლამენტში შევლენ, რამეს გაითვალისწინებენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, „გირჩიც“ შევა. იქედან გამომდინარე, რომ არანაირი აზრი არ ექნება, „გირჩი“ მარტო იყოს გარეთ, ხოლო „ნაცმოძრაობა და ხელისუფლება იყოს შეთანხმებული. ამიტომ, ველოდებით მოლაპარაკებას. ბევრს ვერ ვლაპარაკობთ. არამგონია, რომ სასამართლო რეფორმის ნაწილს „ქართული ოცნება“ დათმობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კოსმეტიკურ ცვლილებებს, რომელსაც მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ექნება და „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ასე შემდეგ. ამიტომ გვინდოდა ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული გრძელვადიან პროცესებზე „ქართული ოცნების“ გემოვნებაზე, დროსა და სივრცეში, არამედ იქნებოდა გასაგებად ნათქვამი, რომ ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ამიტომ ვთხოვდით ამ მიმართულებით ოპოზიციასაც მხარდაჭერას. ამის განხორციელება არის შესაძლებელი. მეოთხე ტალღაზე ვართ ახლა და სასამართლო ისეთივეა, როგორც დასაწყისში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პროცესში დომინანტები სხვა პარტიები არიან. მისივე თქმით, შედეგით დასრულება ძირითადად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

„მოლაპარაკებები შეიძლება დასრულდეს ყველანაირად, ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არა, რომ დასრულდეს შედეგიანად. თუ უნდათ შერიგება,მოლაპარაკება იქნება წარმატებული, თუ არ უნდათ და ჩხუბის გაგრძელება სურთ, მიზეზებს იპოვიან ამისთვის, როგორც აქამდე პოულობდნენ.

ახლა არის პროცესი, მე რაც არ უნდა მინდოდეს ინდივიდუალურად, ამ პროცესის ნაწილი ვარ, რაც გლობალურად მიმდინარეობს. ამ პროცესში დომინანტები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, მისი შემადგენელი ელემენტებით და „ქართული ოცნება“. ნებისმიერი რამე, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, უნდა იყოს ამ მოლაპარაკების კონტექსტში, რადგან ეს გავლენას ახდენს ჩვენს გეგმებზეც. ამიტომ, უბრალოდ ველოდებით პროცესს, სადაც დომინანტები სხვა პარტიები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული და შემდეგ გეგმა არ გვექნება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.