იაგო ხვიჩია - ხატიას და რომანის ინიციატივა გააქტიურდა, როგორც კი „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრი გადახტა „ქართული ოცნებისკენ“ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს
იაგო ხვიჩია - ხატიას და რომანის ინიციატივა გააქტიურდა, როგორც კი „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრი გადახტა „ქართული ოცნებისკენ“ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციატივა გაქტიურდა, როგორც კი „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრი გადახტა „ქართული ოცნებისკენ“ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა მოწონებულია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის დროს.

„ჩემი აზრით, ხატია და რომანი აქ არაფერ შუაში არ არიან, თუ ვინმეს მიმართ არის მოწონებული „ქართული ოცნებისგან“, არის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის დროს. ხატიას და რომანს ეს ინიციატივა შეტანილი ჰქონდათ, თუ არ ვცდები, დეკემბერში და არაფერი ხდებოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრი გადახტა „ქართული ოცნებისკენ“ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ამბავში, ეს თემა გააქტუალურდა და „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად დაიწყო განხილვა. არ ვიცი, რა დივიდენდები იყო ამის საფუძველი, მე მგონია, რომ მხოლოდ ამ დივიდენდების საფუძველზეც არ დათანხმდებოდა ეს ხალხი, უფრო გონიერი ხალხი მგონია, მაგრამ როდის გინახავთ აქამდე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცების“ ინიციატივას დათანხმებოდნენ. ისინი ისევ იმ ადგილას სხედან, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, ისევ ისე უყვართ ძველ თანაგუნდელებს, როგორც მანამდე. განსაკუთრებული პრეტენზიებიც არ მოგვისმენია. წარმოგიდგენიათ, ახლა რა დღეში იქნებოდნენ „ნაცები?“ საკუთარ გუნდში ხდება ეს ამბავი, გვერდით ზის ისევ ის ხალხი და არანაირი პრეტენზია არ არის. ანუ, ხვალაც რომ „ნაცების“ სახელით დაგელაპარაკონ, არანაირი პრეტენზია არ იქნება, არავის გაუკვირდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, კითხვაზე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის გარიგებაში „ქართულ ოცნებასთან?“ – იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ისინი შეთანხმებულად აკეთებენ ამას.

„ხუთი ადამიანი შენი პარტიიდან რომ გადავა სხვა პარტიაში და მხარს დაუჭერს ყველაზე პრობლემურ საკითხს, სანქცირებული მოსამართლეების კლანის გაძლიერებას – აბა, ვის უნდა დავაბრალოთ? ჩემიანს რომ გაეკეთებინა ეს, მე თანახმა ვიქნებოდი, რომ ჩემთვის დაგებრალებინათ. ჩემი აზრით, ეს ძვირფასი საქმე არის „ნაცების“ და „ქოცების“ პრეროგატივა. ისინი ურთიერთშეთანხმებით აკეთებენ ამ საქმეს და ჩვენ რატომ უნდა გავიფუჭოთ რეპუტაცია? შესაბამისად, ჩვენ დავრჩებით თამაშს გარეთ და დავაკვირდებით მათი თანამშრომლობის ახალ-ახალ ასპექტებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.