იაგო ხვიჩია - ხალხი, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოვარდა და ოპოზიციურ ტელევიზიები, რომლებიც მხარს უჭერდნენ, არცერთი არ ჯობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ არიან უფრო ობიექტური
ის ხალხი, რომელიც შევარდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ის ტელევიზიები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამას, ვგულისხმობ ოპოზიციურ ტელევიზიებს, არცერთი არ ჯობია საზოგადოებრივ მაუწყებელს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფრო ობიექტური არ არის არც „ტვ პირველი“, არც „ფორმულა“, არც „მთავარი“ და არც სხვა რომელიმე პატარ-პატარა ოპოზიციური არხები. შესაბამისად, ეს ნამუსგარეცხილი ხალხი, რომელიც შერბის სადღაც სხვაგან, სადაც ასევე არ ყვავის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ იქ ზუსტად იგივე „ბარდაგი“ უნდა მოაწყოს, რაც თავის არხებში აქვს, ეს არის ზუსტად უსამართლობა. მაშინვე ვთქვი, იდიოტებო, სად მირბიხართ, საკუთარი არხები გახსენით, საკუთარ არხში დაიწყეთ დისკუსია და საზოგადოებრივ მაუწყებელს ხომ ეს ავტომატურად მოუწევს? „იმედსაც“ კი ეს მოუწევს, „ტვ პირველმა და „მთავარმა“ რომ არხი გახსნან, მაგრამ ესენი ან მოსყიდულები არიან, ან იდიოტები“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ ასევე განაცხადა, რომ მთელი ოპოზიციური მედია უბრალოდ კადრებს აჩვენებს და აზროვნებისთვის დახშულია.
„მთელი ოპოზიციური მედია, სამი, ოთხი თუ რამდენიც არის, გაჩერებული რომ არის, უბრალოდ, კადრებს აჩვენებს და აზროვნებისთვის დახშულია, თქვენთან რომ ვარდებიან ტელევიზიაში, გეგონება, თავიანთი უფრო რეიტინგული არხები არ ჰქონდეთ და ახლა მართლა რამეს ლაპარაკობდნენ. ესაა ხალხი, რომელიც არ ლაპარაკობს, გეგმას არ სახავს, არ უპირისპირდება ამ „ბეზპრიდელს“, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის, თავისას არაფერს რომ არ უპირისპირებს, მედიები რომ გათიშულია და ვიღაც სულელი ხალხი გამოდის ოპოზიციურ არხებზე, სულელი ხალხი, ვითომ მსახიობი, ინფლუენსერი და, სინამდვილეში, აბსოლუტური ნული, წიკვინის მეტი არაფერი რომ არ იცის, და, პარალელურად, ხალხს სცემენ და ასახიჩრებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, გაბრაზებულია როგორც მთავრობაზე, ასევე ოპოზიციაზეც.
„გაბრაზებული ვარ იმ ახალგაზრდობაზეც, რომელიც ამათ სწირავს თავს, რომელმაც ლიდერები ვერ შეარჩია წესიერად, ის არ იცის, ვის გვერდით დადგეს, რისთვის იბრძოლოს, მტერი მოყვარე ჰგონია და მოყვარე – მტერი. ამაზე ვარ გაბრაზებული და ეს იმის გამო ხდება, რომ, სინამდვილეში, მთავარი, ვინც ამას უნდა კვებავდეს და ინფორმაციას აძლევდეს ადამიანებს, მედია, არის გათიშული. ის აჩვენებს შემთხვევებს, ვიღაცას რომ გალახავენ, ვიღაც რომ გაიქცევა, ვიღაცას რაღაცას რომ გადაასხამენ, თავისიანს გალახავენ, სხვისიანს გალახავენ და ვიღაც ჩაერთვება, მაგრამ არ მიმდინარეობს პროცესი. მაგალითად, რომ დაემხონ ახლა „ქოცები“, მართლა რომ გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, მართლა ღირსი არ არიან, რომ დაემხონ? მართლა რომ გასაქცევად გაუხდეთ საქმე და აეროპორტში გაიქცნენ „ქოცები“, ვინ არის შს მინისტრი, სასამართლოში მთავარი კაცი, ეკონომიკის მინისტრი, პასუხისმგებელი ბიუროკრატიის შემცირებაზე, პირობითად, ვინ არის პასუხისმგებელი პროკურატურაზე და ვინ არის პასუხისმგებელი რაღაც თემებზე? ამაზე დისკუსია სადღაც ხომ უნდა მიმდინარეობდეს?. „ქოცები“ მართლა რომ გაიქცნენ, მერე დავიწყოთ? წინასაარჩევნოდ რომ ვიძახდით, რა მოხდება, გეგმა დადეთ-თქო, არა, მოვიგებთ და მერე დავდებთო. გეგმის გარეშე რომ ვერ მოიგეს, ახლა ხომ გახდა გეგმა საჭირო? ხომ იყო ეს შესასრულებელი? ჩვენ რასაც ვამბობდით, ხომ მართალი იყო? ახლაც ზუსტად იგივეა გასაკეთებელი. საკუთარი ნაცემი ჟურნალისტები უკვე ვნახეთ და უკვე ვაგინეთ ამის გამო იმას, ვინც ეს ხალხი სცემა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს? მოთქმა-გოდება, უი, რა გვიქნეს, გაგვილახეს ჟურნალისტი? კიდევ გაგილახავენ. ათი დღეა, სცემენ ხალხს და ნაცვლად იმისა, რამე ისწავლოთ, იდიოტებო, ჩართეთ ეთერები, ჩართეთ და დავიწყოთ მსჯელობა საჯარო სივრცეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.