იაგო ხვიჩია - კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერია და როცა სააკაშვილი ციხეშია, ახლა პარტიის „მინისტრები“ კეზერაშვილთან დადიან
იაგო ხვიჩია - კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერია და როცა სააკაშვილი ციხეშია, ახლა პარტიის „მინისტრები“ კეზერაშვილთან დადიან

კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერია და როცა სააკაშვილი ციხეშია, ახლა პარტიის „მინისტრები“ კეზერაშვილთან დადიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.

„არაფორმალური მმართველი არის მთავრობის მეთაური და მასთან სხვადასხვა ჟანრის მინისტრები ჩადიან. ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებშიც. უბრალოდ, ერთი არაფორმალური მმართველი ქვეყანაში არ არის და „ნაცმოძრაობის“ მინისტრებს სხვა ქვეყანაში უწევთ ჩასვლა თავიანთ პრემიერთან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მრავლად არის ხალხი, ვისაც აკმაყოფილებს მეორე ადგილი და მათი მიზანია არა „ქართული ოცნების“ დამარცხება, არამედ მეორე ადგილის მყარად შენარჩუნება, რაშიც ხელისუფლებაც ეხმარებათ.

მგონი, ეს ვითარება არაფრით განსხვავდება წინა შემთხვევებისგან, როცა „ნაცმოძრაობის“ აქაური ლიდერები საზღვარგარეთ ლიდერებთან დადიოდნენ. თავის დროზე ასეთი მიხეილ სააკაშვილი იყო და როცა ციხეშია, ახლა კეზერაშვილთან დადიან. „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმებას ქვეყნის შიგნით იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ ისინი არ იმართებიან ქვეყნის შიგნიდან. მგონია, რომ ნიკა მელიას შემდეგი ნაბიჯების გადადგმა აგვიანდება – „ნაცმოძრაობიდან“ წასვლასა და ამ პარტიის დაშლას აგვიანებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.