იაგო ხვიჩია - კანონის მიღება დღეს შესაძლებელი ხდება, რადგან ოპოზიციის მხარეს მჯდომ არცერთ პოლიტიკოსს არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხალხი გარეთ ჩვენ გვგულშემატკივრობს
იაგო ხვიჩია - კანონის მიღება დღეს შესაძლებელი ხდება, რადგან ოპოზიციის მხარეს მჯდომ არცერთ პოლიტიკოსს არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხალხი გარეთ ჩვენ გვგულშემატკივრობს

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ შეიძლება პოლიტიკოსების და აქციის ერთმანეთისგან განცალკევება და ის, რომ პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ აქციაზე.

ხვიჩიას თქმით, აქციის ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული შეცდომების შედეგია, რომ დღეს პარლამენტი იღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და კულმინაციის დღე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

იაგი ხვიჩიას განმარტებით, ხალხი არ გულშემატკივრობს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ საქმეს, რომლებიც წინა ხაზზე უნდა იყვნენ ამ ბრძოლაში.

„შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული, გუშინ ვიგრძენით საპარლამენტო მდივნის გამოსვლის დროს და დღეს. გიორგი მსხილაძე იყო ადამიანი, რომელიც იდგა სწორ მხარეს, ქართველი ხალხის აზრით, რომელიც გარეთ არის ახლა, ქუჩაში აპროტესტებს ამ პერიოდის განმავლობაში. პრეზიდენტის და გიორგის ქმედებები იყო სწორი და მათ უნდა დაეცვათ სწორი პოზიცია. ამის მიუხედავად, დავინახეთ, რომ სწორ პოზიციაზე მყოფი კაცი იჩაგრებოდა. მოწინააღმდეგე ყოველთვის შემოგიტევს, ყოველთვის ეცდება, კუთხეში მიგაყენოს, მაგრამ სინამდვილეში, რამ გამოიწვია, რომ გიორგი კუთხეში მიაყენეს? ეს არის იმ შეცდომების შედეგი, რომელიც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში დავუშვით. ვიბრძოდით ამდენი ხნის განმავლობაში და არავინ მოგვისმინა. ის ხალხი, რომელიც ძალიან სწორ რამეს აპროტესტებს, სწორად იქცევა და არ იღლება მთელი ამ პროცესის განმავლობაში, აგინებდა მთავარ მოკავშირეებს – პოლიტიკოსებს. დავინახეთ, რომ აქციის ორგანიზატორები აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენას არ მიესალმებოდნენ, ერთი. მეორე – გამუდმებით მიდიოდა პოლიტიკოსების ლანძღვა. შეიძლება, რაღაც მომენტში ვიღაც სახელგატეხილი პოლიტიკოსი კიარა, სისხლის სამართლის დამნაშავე იყოს ჩვენ გვერდით, თუ ბრძოლაში ვართ, მართლა გვესმის ბრძოლის შინაარსი და ის ვიღაც ნამდვილად ჩვენს მხარეზე იბრძვის. წარმოიდგინეთ, რა მოახერხა სისტემამ ამ თვე-ნახევრის განმავლობაში – აქციის მონაწილეები, ახალგაზრდები, ორგანიზატორები, პოლიტიკოსები ერთმანეთისგან გაეთიშა. ამ კანონის მიღება დღეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ აქ, ოპოზიციის მხარეს მჯდომ არცერთ პოლიტიკოსს არ შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ ის ხალხი გარეთ ჩვენ გვგულშემატკივრობს, ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეს გულშემატკივრობს, ამ დარბაზში ჩვენს მოგებას გულშემატკივრობს.

მთელი პრობლემა, რასაც ვყვიროდით, რის გამოც შეურაცხყოფას ვაყენებდით აქციის ორგანიზატორებს, იყო ის, რომ ისინი უშვებდნენ მთავარ შეცდომას. აქციის ორგანიზატორები არ არიან არავისთან, არცერთ პოლიტიკოსთან და აქციის მთელი ორგანიზება მიმდინარეობდა ისე, თითქოს ეს იყო ძლიერი მხარე ამ ყველაფრის. პოლიტიკოსებს არ უგულშემატკივროთო. მთელი თვე-ნახევარი ამაზე მიდის ლაპარაკი, როგორ არ უგულშემატკივროთ პოლიტიკოსებს, რომლებიც წესით, წინა ხაზზე უნდა იყვნენ ამ ბრძოლაში. დღეს უნდა ყოფილიყო პროტესტის კულმინაცია, მთელი საქართველო უნდა ყოფილიყო აქ, პარლამენტის გარშემო.

პრეზიდენტის წარმომადგენელს ზურგს ყველა უნდა უმაგრებდეს, მაშინ შეძლებს ის პოზიციის დაცვას, ჩვენს სიტყვას მაშინ ექნება ფასი, ძვირფასო ოპოზიციონერებო, თუ გვეცოდინება, რომ ჩვენს სიტყვებს ხალხი ამაგრებს გარეთ და არა ის, რასაც სისტემამ მიაღწია – „ნაცების“ მომხრეები მე მაგინებენ, ჩემი მომხრეები ვიღაცას აგინებენ, ვიღაცის მომხრეები ვიღაცას აგინებენ და არ არსებობს ტელევიზია, სადაც ეს ხალხი ერთად დაჯდება, ერთმანეთის მიმართ გული მოულბება, გაჩნდება ის ტოლერანტობა, რომელიც განსხვავებული გემოვნების მიხედვით უნდა გვქონდეს. ვიცით, რომ პარლამენტი სავსეა სპეცსამსახურებით და ნიღბიანი ხალხით, კანონს ვიღებთ ნიღბიანი ხალხის ფონზე, ამ დროს აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩვენკენ არიან, ჩვენს კოლეგებს, ჩვენიანებს, ვინც ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთადაა, აგინებენ, ან შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე. ამას აკეთებენ საკუთარი პარტიული ლიდერების, აქციის ორგანიზატორების დავალებით და ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ამ კანონის მიღება ხდება შესაძლებელი.

ჩვენ, ოპოზიცია გამარჯვებული ვართ, მეტი რაღა უნდა გითხრას ხალხმა ამ წუთას, რომ ყველა თქვენთან ვართო, მაგრამ რომელ თქვენგანს ეტყობა, რომ ჩვენ გვერდით ხალხია? რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი მედიების მეშვეობით ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი ვაკეთეთ. ამიტომ ხდება ამ კანონის მიღება შესაძლებელი. ეს არის ის, რის გამოც კულმინაციის დღე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ეს არის ის, რის გამოც აქ შესაძლებელია ამ კანონის მიღება. ჩემი აზრით, დროებით, რადგან სულ ასე გათითოკაცებული ვერ ვიქნებით.

მე რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ადამიანები, რატომ ლანძღავს აქციასო და ა.შ. ხომ გასაგებია, რომ შესაძლებელი გახდა ამ კანონის მიღება, მაშინ, როცა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო იმ რესურსებით, საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით რაც ამ იდეას მხარდაჭერა ჰქონდა. ხომ ჩვენ გავანიავეთ, ამ დარბაზში მსხდომმა ხალხმა და კიდევ რამდენიმე ტელევიზიის მფლობელმა, რომელიც აქ არ ზის, მაგრამ სინამდვილეში, თქვენი ან ვიღაცის ძმაკაცია აქედან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, თუ პარტიები ერთად არ იმსჯელებენ იმაზე, როგორი საქართველო სურთ, როგორც დღეს ხდება შესაძლებელი კანონის მიღება, ისე იქნება შესაძლებელი შემოდგომაზე ხელისუფლების დარჩენა. იაგო ხვიჩიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ „ქარტია საკმარისი არ არის, თუმცა კარგი საფუძველია ლაპარაკის დასაწყებად“.

„ვითხოვ ქალბატონი პრეზიდენტისგან, გავაგრძელოთ საუბარი მის იდეაზე და ეს იდეა არ იყოს ისევე მივიწყებული, როგორც სხვა იდეები, ოღონდ მე ქარტიაზე მეტი მინდა, არ მაკმაყოფილებს ის ნორმები, რაც იქ წერია, არ მგონია, ერთპიროვნული მმართველობის დასრულების გარანტია იყოს, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. აქეთ რომ ვსხედვართ, იმ ხალხმა უნდა დავწეროთ ახალი კონსტიტუცია, რითაც ერთპიროვნულ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას ჩავანაცვლებთ. ვის გვაქვს ამასთან დაკავშირებით მზაობა? ახალგაზრდები, რომლებიც გარეთ დგანან, ითხოვენ იდეებს. შევთანხმდეთ თამაშის წესებზე, ქარტიის დონეზე და ბუნდოვნად კიარა, ახალი კონსტიტუციის დონეზე. პოლიტიკოსებს უნდა გვყავდეს გულშემატკივრები გარეთ, ამ ხალხის გარეშე, გარეთ რომ დგას, როგორ უნდა მოიგოთ? თუ თქვენ არ გინდათ ამ ხალხთან ლაპარაკი, მე ნუ მიშლით ხელს ამის ლაპარაკში. როგორც კი თქვენ ჩემს გინებას იწყებთ, ჩემი გულშემატკივარი თქვენს გინებას იწყებს, უფრო მეტი საგინებელი ნაღდად სხვა პარტიას აქვს, ვიდრე „გირჩს“, ჩვენ ხომ ამის არ გვეშინია, მაგრამ კეთილი ვინებოთ, დავსხდეთ, შევთანხმდეთ, როგორი ქვეყანა გვინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.