იაგო ხვიჩია - კახა ოქრიაშვილი შეიძლება, დაცვით დადის, ბევრი ფული აქვს, მაგრამ ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსურია 
იაგო ხვიჩია - კახა ოქრიაშვილი შეიძლება, დაცვით დადის, ბევრი ფული აქვს, მაგრამ ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსურია 

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს კითხვებით მიმართავს.

როგორც იაგი ხვიჩიამ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ „ქართული ოცნების“ მიერ არის მართული და მნიშვნელოვანია, წარადგინოს მტკიცებულებები.

„დღეს დარბაზში არ ზის, მაგრამ დავინახე კახა ოქრიაშვილი, რომელიც მანამდე ჩემს მეგობრებთან მისულა საქმის გასარჩევად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას თითქოს შეურაცხყოფა მივაყენეთ. შეურაცხყოფა მივაყენეთ, ეს მართალია. დაახლოებით ერთი თვის, შეიძლება ცოტა მეტის წინ, ბატონმა ოქრიაშვილმა ბრძანა, რომ ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ მართული ხალხი ვიყავით. ამაზე პასუხი მოვთხოვეთ და მოვთხოვეთ მტკიცებულების წარმოდგენა. ჩვენი შეურაცხყოფაც სინამდვილეში ამას ეფუძნებოდა. დღეს მას უთქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თხოვდა ფულს, „გირჩის“ დასაფინანსებლად. კონკრეტულად ადამიანს დაადო ხელი.

მაქვს კითხვები, როგორც ამ სიტყვების ავტორთან, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – როდის ხდებოდა ეს ამბავი? როდინდელ ამბავს ყვება ბატონი ოქრიაშვილი? შეასრულა თუ არა ბატონი ბიძინას თხოვნა? ვის გადაუხადა ფული თუ შეასრულა თხოვნა, რამდენი ფული გადაუხადა? ვისაც ფული გადაუხადა, იქიდან დღეს ვინ არის გირჩის შემადგენლობაში? ზოგადად რა იცოდა ამ ამბავზე სხვა მეტი, თუ უბრალოდ ფული სთხოვეს გადაეხადა და მეტი არაფერი? ზოგადად როგორ მოიპოვა ნდობა ისე ბატონი ივანიშვილის, რომ მას ეუბნებოდა ივანიშვილი, ოპოზიციური პარტიები როგორ უნდა დაეფინანსებინა? ასეთი ნდობა როგორ მოიპოვება ეს მაინტერესებს და ასეთი კაცი, რომელსაც ასე ენდობოდა ბატონი ბიძინა, თუ ეს ყველაფერი მართალია, „ნაცების“ სიაში როგორ აღმოჩნდა? იქნება ესეც ბატონი ბიძინას დავალებაა? აგერ ამხელა ოპოზიციურ პარტიაში გვიზის ოპოზიციონერად დეპუტატი, რომელიც შეიძლება, სხვა ვინმეს დავალებას ასრულებს, თუ უფიქრია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაზე? ჩანერგილი კი ბატონო. სხვას ზოგადად რას იტყვის ბატონ ბიძინაზე და „ქართულ ოცნებაზე“. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე მიდის ურთიერთობები, ბევრი რამე გაქვს სათქმელი და მთელი ეს პერიოდი გავიარეთ არჩევნების პერიპეტიები და სხვა, ნუთუ არაფერი არ ჰქონდა სათქმელი? ასეთი ამბავი იცი და ამას საჯაროდ არ ამბობ? ეს კითხვა ხომ ლეგიტიმურია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, კახა ოქრიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 90-იან წლებში იშოვა ფული.

„ის იყო შევარდნაძის მაჟორიტარი, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოგეხსენებათ, მაჟორიტარები დარჩნენ, ეს პერიპეტიებიც ალბათ ყველას გახსოვთ, დარჩა ბატონი ოქრიაშვილი და გადავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. შემდეგ არჩევნებზე უკვე „ნაციონალური მოძრაობით“ იყარა კენჭი, მერე „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და გადავიდა „ქართულ ოცნებაში“, მერე „ქართულ ოცნებას“ რომ არ დაჭირდა ან არ ვიცი, შეიძლება, მიზეზი ისიც კი იყოს, რომ ჩვენ არ დაგვაფინანსა, ამიტომ გააგდო „ქართულმა ოცნებამ“. კაცმა არ იცის, მაგრამ ფიზიკურად მერე ისევ გადავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. მაინტერესებს, ადამიანი ასეთი ბიოგრაფიით რომ მოძრაობს, ყოველთვის რომ მმართველ პარტიაშია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიები იცვლებიან, რა მორალური უფლებით იმუქრება რაღაცას. ვინმეს რომ რამე არ შეეშალოს, შეიძლება, გარეთ დაცვით დადის ან ფული აქვს ჩვენზე მეტი, მაგრამ ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსური ხართ, ბატონო ოქრიაშვილო“, – აღნიშნა იაგი ხვიჩიამ.