იაგო ხვიჩია - ISFED-მა აიღო პასუხისმგებლობა, ახალი დირექტორი დანიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი შეცდომა დაუშვა, იგივე პრინციპი რომ დაეცვა, არც ერთი მათგანი თანამდებობაზე არ იქნებოდა
იაგო ხვიჩია - ISFED-მა აიღო პასუხისმგებლობა, ახალი დირექტორი დანიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი შეცდომა დაუშვა, იგივე პრინციპი რომ დაეცვა, არც ერთი მათგანი თანამდებობაზე არ იქნებოდა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღო, ახალი დირექტორი დანიშნა და „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი შეცდომა დაუშვა, ზუსტად იგივე პრინციპი რომ დაეცვა, ახლა არც ერთი მათგანი თანამდებობაზე არ უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, „ისფედი“ სხვა ორგანიზაციად ერთ დღეში ვერ გადაკეთდება, ორგანიზაციამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ უნდა აჰყვეს პროვოკაციას.

„რაღაცნაირად, „ისფედსა“ და „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მიმართ ენა და კრიტიკა მიჩვეული აქვთ და მათ შორის ურთიერთობაში ახალი და გასაკვირი არაფერია. ეს ყველაფერი იმ პროცესების გაგრძელებაა, რაშიც დიდი ხანია, ვიმყოფებით. „ისფედი“ რაც არის, ის არის და სხვა ორგანიზაციად ერთ დღეში ვერ გადაკეთდება, ისეთივე იქნება, როგორც გუშინ იყო. ამ ორგანიზაციამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პროვოკაციას არ უნდა აჰყვეს. „ქართული ოცნება“ შეცდომაში ცხოვრობს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის მცდარი. ამას შეგნებულად აკეთებენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებაც არ არის გამონაკლისი. ამ ორგანიზაციამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმით აიღო, რომ ახალი დირექტორი დანიშნა და „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ზუსტად იგივე პრინციპი რომ დაეცვა, ახლა არც ერთი მათგანი თანამდებობაზე არ უნდა იყოს. ეს არ გაუკეთებიათ და სხვის შემთხვევაში ასეთი კრიტიკა ბავშვურ ჭიჭყინად ჩანს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.