იაგო ხვიჩია - იმედგაცრუებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, იმედი მაქვს, კარგად დაფიქრდებიან და პოზიციას შეიცვლიან
იაგო ხვიჩია - იმედგაცრუებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, იმედი მაქვს, კარგად დაფიქრდებიან და პოზიციას შეიცვლიან

ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და ჩვენს კოლეგებს უკვე დავინახავთ იქ, სადაც ისინი უნდა იყვნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.

„შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს, რომ არ აწერენ ამით ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ კარგად დაფიქრდებიან და ამ პოზიციას შეიცვლიან. პოლიტიკაში პოზიციები იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ცოტა ხნის წინანდელი პოზიცია პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებითაც ძალიან ხისტი იყო, მაგრამ ახლა შემოვიდნენ. ვფიქრობ, ამ საკითხსაც ასე მიუდგებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, თუმცა მათ ხელი არ მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს.