იაგო ხვიჩია - ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში სხვა მოსამართლე არ ვიცი
იაგო ხვიჩია - ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში სხვა მოსამართლე არ ვიცი

საქართველოს პარლამენტში ბიზნესმენები შემოდიან, რომ იმუნიტეტი ჰქონდეთ, ამ ხალხს რა საქმე აქვთ პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საყოველთაო უსამართლობა სუფევს და არავინ არის დაცული, რადგან სასამართლო არ არსებობს.

„მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება. ვერ ვიმუშავე იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად. ჩვენ შეიძლება, ყველას იმედი გვქონოდა, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, მეფის, ამირსპასალარის, თანამედროვე დროში მაჟორიტარის, ან რაიკომის მდივნის, პრეზიდენტის, მაგრამ არასოდეს გვქონია მოსამართლის იმედი.

ჩვენ ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ, მთავარი შეცდომა დავუშვით, მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ. საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ ან ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ პირიქით, სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“.

„ამ სასამართლოს ხელით ჩავიდინეთ ყველაზე სამარცხვინო დანაშაულები, რაც ჩაუდენია საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთის წინააღმდეგ და მაინც ვერაფერი ვისწავლეთ. დღევანდელი სასამართლო, რაც ჩვენ გვაქვს, საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა, საბჭოთა „ტროიკების“ სამართალმემკვიდრეა, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა, უბრალოდ აინტერესებდა როგორ დაეცვა სისტემა ისე, რომ ეს სიმართლით გამოჩენილიყო. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ამას ისევ ვაგრძელებთ, მათ შორის პარლამენტის წევრებიც, თითქოს არაფერი ხდებოდეს ჩვენს თავს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ყველამ ვიცით, რამე რომ შეიცვალოს, ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ვატყუებთ ყველას, მათ შორის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა. ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი საერთოდ არაფერს წარმოადგენს თითქოს, ერთი შეხედვით.

ხვალ სხდომაა, სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში. ირჩევს არა ადამიანის უფლების დასაცავად, არამედ ირჩევს, რათა კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა ადამიანთა მიმართებით. ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, რაზეც ვსაუბრობთ, დაწყებული „ნამახვანჰესით“, სასამართლოს ბრალია, რადგან მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვაქვს და ამ ადამიანებმა არ იციან, სად გაარჩიონ. კოვიდ დიქტატურაც სასამართლოს ბრალია, რადგან ადამიანებმა არ იციან, სად წავიდნენ მაშინ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ, ცხრა საათის შემდეგ სახლში ვერ მიდიან და ასე შემდეგ.

მინდა, მოვისმინო პასუხი ჩემი კოლეგებისგან, რამდენ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას, ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო ყველას შეგვეხება და ვერავინ დავემალებით. იმის გამო, რომ ქვეყანაში საყოველთაო უსამართლობა სუფევს, არც ერთი ჩვენგანი არ არის დაცული, ამ ქვეყნის მოსახლეობა არ არის დაცული. ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.