იაგო ხვიჩია - გუშინ ძალიან კარგი დღე იყო ქვეყნისთვის, გაჩნდა წერტილი, საიდანაც შეიძლება, დაიწყოს დაპირისპირებული მხარეების შერიგება
იაგო ხვიჩია - გუშინ ძალიან კარგი დღე იყო ქვეყნისთვის, გაჩნდა წერტილი, საიდანაც შეიძლება, დაიწყოს დაპირისპირებული მხარეების შერიგება

გუშინ ძალიან კარგი დღე იყო ქვეყნისთვის, რადგან გაჩნდა წერტილი, საიდანაც შეიძლება, დაიწყოს დაპირისპირებული მხარეების შერიგება, ახალი რესტარტი, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„გუშინ ამის შანსი გაჩნდა, ამ შანსის გამო ჩამოვიდა ბატონი შარლ მიშელი და დღეს ისევ პრობლემა გვაქვს. ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან ცუდად ვიქცევით, რომ არ ვასრულებთ ამ „სანტა ბარბარას“ ზოგადად, ერთიანი გამარჯვებით, ზეიმით იმასთან დაკავშირებით, რომ შევთანხმდით; ისევ მიდის ჭიდაობა იმაზე, გამოვა თუ არა ვიღაც ციხიდან, ან გამოუშვებენ თუ არა მას. ამ წუთის მოცემულობით, რეალურად, ის კი არ გვაწუხებს, ვიღაც ციხეში ზის თუ არა, არამედ ის, სწორად გამოვა თუ არა ის იმ ციხიდან, ანუ, გამარჯვებული გამოვა თუ არა. ეს ადამიანი რომ გარეთ იყოს, ამის აღსრულება სათანადოდ არ აინტერესებს არც „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ პროცესში რაღაცებს ითხოვს და არც ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ისინიც არ ეთანხმებიან გამოსვლის იმ გზას, რომელიც ჩვენი მეგობრების მიერ არის შემოთავაზებული. ეს გზა ყველას სახეს უნარჩუნებს, უბრალოდ, ასეთი ფორმით გამარჯვებული ვერ იქნება, ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში „ამხელა ორგანიზაციის პრეზიდენტი ჩამოვიდა, რომელსაც უნდა, საქართველოში ყველას შერიგებით ტრიუმფი მოხდეს, მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრი მას ზეიმის და გამარჯვების ჩაწერის საშუალებას არ აძლევს“. 

„ეს შეთანხმება მარტო ჩვენ კი არ გვინდა, მას უნდა, საკუთარი პოლიტიკური წარმატებისთვის, რომ აქ მოხდეს ტრიუმფი – ყველა შერიგდეს და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ. ჩვენი შიდა, რაღაც გაუგებარი კონფლიქტის გამო, ადამიანს ამის საშუალებას არ ვაძლევთ და საკითხის მოგვარება ერთი კვირით გადაგვაქვს. ეს საკითხი საბოლოო ჯამში, მაინც მოწესრიგდება, ის ადამიანები ციხეში ვეღარ იქნებიან, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში ყველა მეტად დაგვეხმარა, ზეიმის და გამარჯვების ჩაწერის საშუალებას არ ვაძლევთ. ჩემი აზრით, ეს ძალიან უხერხულია. არ ვიცი, მერამდენედ უნდა მოვუხადო ბოდიში ბატონ მიშელს, მაგრამ პოლიტიკური სპექტრისგან ბოდიში ნამდვილად მოსახდელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე – რა არის შარლ მიშელის დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც „გირჩის“ გადაწყვეტილება განსაზღვრა, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩის“ გადაწყვეტილება შერიგების შესაძლებლობამ განსაზღვრა.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონმა მიშელმა შემოგვთავაზა, არის ის კონტექსტი, რა კონტექსტითაც ეს დოკუმენტია მოწოდებული, რის გამოც ახლაც აქ არის ბატონი მიშელი და ცდილობს, მხარეები დაიყოლიოს, რომ ადამიანის ციხეში ყოფნა არ გახდეს შერიგებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი. ასე რომ, შერიგების შესაძლებლობაა მთავარი თემა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რომელიც ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არის შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულიდან ორ პროცენტამდე ბარიერით. ბევრად უკეთესი იქნება, ეს მუდმივად იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად, ორ ვადაში ამის კონსტიტუციაში ჩაწერა პოლიტიკურ კლიმატს მაინც ყველაზე მეტად შეცვლის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.