იაგო ხვიჩია - „გირჩს“ სულ 10 კანდიდატი გვყავდა, არ გვყავს ამაზე მეტი ხალხი და არ ვიცით, სად წავიღოთ ამდენი ხმა, რაც მინდია უგრეხელიძის ინიციატივის შედეგად დაგვემატება
„გირჩს“ სულ 10 კანდიდატი გვყავდა, დანარჩენი ტექნიკური სია გვქონდა შედგენილი, არ გვყავს ამაზე მეტი ხალხი და არ ვიცით, სად წავიღოთ ამდენი ხმა, რაც ბატონი მინდიას ინიციატივის შედეგად დაგვემატება, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მინდია უგრეხელიძის ინიციატივას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატები სხვა, ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდეს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას მინდია უგრეხელიძის ინიციატივა სერიოზულად არ აღუქვამს.
„ბატონ მინდია უგრეხელიძეს შევხვედრივარ, მას ზოგადად, კარგი იუმორი აქვს და ხშირად ხუმრობს. მე ამის იქით ეს განცხადება, თავისთავად ცხადია, არ აღმიქვამს. შეიძლება იმიტომაც, რომ ჩვენ, „გირჩს“ სულ 10 კანდიდატი გვყავდა, დანარჩენი ტექნიკური სია გვქონდა შედგენილი და ფიზიკურად სხვა ადამიანს ვერ ავარჩევთ, არ გვყავს ამაზე მეტი ხალხი და არ ვიცით, სად წავიღოთ ამდენი ხმა, რაც ბატონი მინდიას ინიციატივის შედეგად დაგვემატება. შესაბამისად, ჩვენ ალბათ უარს ვიტყვით ამ ბრწყინვალე შემოთავაზებაზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ, დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.
იაგო ხვიჩიას თქმით, მეორე ტურის წინ ასეთი განცხადებები პარტიებზე ცალსახა ზეწოლაა.
„ზოგადად, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს და ვიღაცებს ბიუჯეტიდან არ უნდა ვუხდიდეთ ფულს, ამას ვამბობდით სულ. კამპანია ამაზე ჩავატარეთ. პარლამენტშიც იმ მიზნით შევდივართ, რომ ბიუჯეტის ფული არ ავიღოთ, მაგრამ ასეთი დაძაბულობის წინ, მეორე ტურის წინ, სხვა პარტიების შანტაჟი იმით, რომ მათ დაფინანსებას მოუხსნიან, არის პოლიტიკურ პარტიებზე ცალსახა ზეწოლა და შეიძლება მუქარაც. ჩვენზე რომ არ გაჭრის, ეს მეორე საკითხია, სხვანაირად ვართ აწყობილი, მაგრამ პარტიებს, რომლებსაც ინფრასტრუქტურა ახლა არსებულ რეალობასა და წესრიგზე ჰქონდათ მორგებული და ეუბნები, რომ მე მოვშლი ამ არსებულ წესრიგს თუ პარლამენტში არ შეხვალ, თავისთავად ცხადია, აშანტაჟებ, ძალით შეგყავს ხალხი პარლამენტში. აი, ეგ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, იმდენად გააყალბეს არჩევნები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.