იაგო ხვიჩია - „გირჩს“ ჰქონდა წინადადება, პრეზიდენტი რურუას თუ შეიწყალებდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდებოდა მორალური ვალდებულება, რომ მელიას გამო პროცესი არ შეეფერხებინა
იაგო ხვიჩია - „გირჩს“ ჰქონდა წინადადება, პრეზიდენტი რურუას თუ შეიწყალებდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდებოდა მორალური ვალდებულება, რომ მელიას გამო პროცესი არ შეეფერხებინა

ჩემთვის როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ ამას ადასტურებდა და მზაობას აცხადებდა, რაც ოპოზიციამ არასაკმარის სიცხადედ მიიჩნია. საჯაროდაც ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არ იყო ცხადად გადაწყვეტილი. როგორც მახსოვს, ეს პირდაპირ არ იყო მითითებული დოკუმენტის ტექსტში, უბრალოდ იყო ტექსტს მიღმა შეთანხმება, რომლის გარანტორადაც იქნებოდნენ ჩვენი მეგობრები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „როგორც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ამბობენ, საუბარი იყო, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა მელიას გირაოს, ამის შემდეგ გამოიცემოდა 20 ივნისის ამნისტიის აქტი, რითაც მოგვარდებოდა არა მხოლოდ მელიას საქმე, არამედ ზოგადად, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებულთა საქმე. ამ ნაწილზე, სადამდე მივიდა შეთანხმება, დაახლოვდა თუ არა პოზიცია და იყო თუ არა თანახმა „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია“.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, „გირჩს“ ჰქონდა წინადადება, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი შეიწყალებდა გიორგი რურუას, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდებოდა მორალური ვალდებულება, რომ პროცესი არ შეეფერხებინა. 

„მეორეც, თუ არ ვცდები, დაზუსტებული არ იყო პროცედურები, როგორ მოხდებოდა რურუას შემთხვევის გადაწყვეტა. ვფიქრობ, ზოგადად ამ საქმეში უფრო პრობლემური არის რურუას შემთხვევა, მელიას შემთხვევა უფრო მარტივად გადაწყვეტადია. ამ შემთხვევაში მაგალითად, ჩვენ, „გირჩს“ გვქონდა წინადადება, თუ მაგალითად, პრეზიდენტი შეიწყალებდა რურუას და პირობითად, გასაგები იქნებოდა ხელისუფლების დათმობა ამ მიმართულებით, რაღაცნაირად მორალური ვალდებულება ასევე უჩნდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ პროცესი არ შეეფერხებინა ნიკა მელიას „ქეისის“ გამო. ვინაიდან იცით, რომ ამ შემთხვევაში არსებობს გზა გირაოს გადახდის. ჩვენ ხომ კომპრომისებით უნდა წავიდეთ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს კომპრომისი თუ იქნებოდა, შეიძლებოდა ყოფილიყო ნიკა მელიას და მისი მეგობრების კომპრომისიც. ჩვენ ასეთი ტიპის გამოსავალი უფრო სწორად მიგვაჩნდა, ნიკა მელიას პრობლემის მოგვარება უფრო მარტივი იქნებოდა, თუ რურუას „ქეისი“ იქნებოდა მოგვარებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დანიელსონის პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლისას, ხომ არ განიხილებოდა რურუას შეწყალების საკითხი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ დანიელსონს პრეზიდენტთან სხვა საქმე არ შეიძლებოდა ჰქონოდა.

„ჩემი აზრით, დანიელსონს პრეზიდენტთან შესაძლოა, ჰქონოდა ერთადერთი საქმე, რომ მოეგვარებინა ნიკა რურუას საკითხი. სხვა არანაირი საქმე არ შეიძლებოდა ჰქონოდა დანიელსონს სალომე ზურაბიშვილთან. მან ეს საქმეც ვერ გადაწყვიტა ქართველი ხალხის სასარგებლოდ, რომ კრიზისში ჩვენთვის ოდნავ მაინც შეეშველებინა ხელი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანმა „გირჩის“ წევრს გაახსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას საქმის სწორედ შეწყალების გზით გადაწყვეტის შემთხვევა, რაზეც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი დააკომპლექსეს.

„როგორც ჩანს, მის მერე დააკომლექსეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.