იაგო ხვიჩია - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ვიღაცასთან ბრძოლის პროექტია, ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება პარტნიორებს ებრძვის, ოპოზიცია კი რეალობას აცდენილია
იაგო ხვიჩია - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ვიღაცასთან ბრძოლის პროექტია, ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება პარტნიორებს ებრძვის, ოპოზიცია კი რეალობას აცდენილია

ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება პარტნიორებს ებრძვის და ოპოზიცია რეალობას აცდენილია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება.

„ეს კანონპროექტი ვიღაცასთან ბრძოლის კანონპროექტია. ეჭვი გვაქვს, „ქოცები“ ცვლილებებით ვისაც ებრძვიან, არის ამერიკის შეერთებული შტატები. მათთან ბრძოლით რა შეიცვლება? – ის შეიცვლება, რომ ჩვენზე, შესაძლოა, ხელი ჩაიქნიონ და კიდევ უფრო გავეხვიოთ საერთაშორისო სკანდალში. ვეცდებით, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ეს კანონპროექტი ვითომ ქართველ ხალხზე ზრუნვასა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული, მაგრამ შინაარსობრივად სტრატეგიულ პარტნიორებთან ბრძოლას ეხება. ისინი ცვლილებებს მტრებთან მიმართებით იღებენ, ამ ქვეყნებმა მტრები დასახეს და მათ წინააღმდეგ მიიღეს. ამას არ ვეთანხმები, არც მტრებთან მიმართებით შეიძლება ასეთი ცვლილებების მიღება. ისინი ფაშისტებს, პუტინს ებრძოდნენ და ჩვენ ვის ვებრძვით? – ეს არ არის დასახელებული. ჯარის კანონი ისე მივიღეთ, რომ შიგნით მტერი ვინ იყო, ის არ ეწერა. ყველაზე მეტად ხალხის რეაქცია მაინტერესებს, რადგან ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება პარტნიორებს ებრძვის და ოპოზიცია რეალობას აცდენილია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.