იაგო ხვიჩია - ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივე აღარ არის, რაც აქამდე იყო და კეზერაშვილის სკანდალის შემდეგ მით უმეტეს ვერ იქნება
არც თუ ისე წარმატებული საარჩევნო სეზონის შემდეგ ზოგადად კამათი და დავა ბუნებრივია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, ეს იყო მათი მთავარი დონორი, რომელიც „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით თაღლითობაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „კეზერაშვილი არა მხოლოდ ძარცვაშია ეჭვმიტანილი, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში“.
„შეუძლებელია, სქემა „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე ყოფილიყო და შეუძლებელია სუს-ს გამოჰპაროდა. ეს თავისთავად მოახდენს ბუნებრივ რეაქციებს პარტიის შიგნით და ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, მოდი, ხალხო შევიცვალოთ ასე გაგრძელება არ შეიძლება იმიტომ, რომ ასე ვერ მოვიგებთ. ეს პროცესი სადამდე მივა, არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივი პროცესია. „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია დაშლილია, უბრალოდ ისინი ამას არ აღიარებენ. რაღაც თვალსაზრისით შეიძლება, სწორიცაა და დაშლა არ არის ცუდი სიტყვა, ტრანსფორმირებაა ცუდი სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივე აღარ არის რაც აქამდე იყო და კეზერაშვილის ამ სკანდალის შემდეგ მით უმეტეს ვერ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.