იაგო ხვიჩია - ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს, სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა
იაგო ხვიჩია - ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს, სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა

გვარამიას დაკავების მიზეზი არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, სადაც გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ბრძოლა არ დასრულდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება და აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.

„ხალხი სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებით გამოყენებაზე რომ დაიჭიროთ, მაშინ პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და ასევე საჯარო სამსახურში ვისაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანა არასოდეს მყოლია, ვისაც ჰყავდა, მათ დავკვირვებივარ და ისინი მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურშიც და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თავად „ქართული ოცნებისთვის“.

რაც შეეხება გვარამიას დაკავების მიზეზს, მგონი, არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, სადაც ამ ბრძოლაში გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ეს ბრძოლა არ დასრულდება. ამით მთელი ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ბრძოლაში მაშინ ვართ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.