იაგო ხვიჩია - ერთი კვირის განმავლობაში გეცოდინებათ, როგორ ვუყურებთ ჩვენს მომავალს
იაგო ხვიჩია - ერთი კვირის განმავლობაში გეცოდინებათ, როგორ ვუყურებთ ჩვენს მომავალს

ჩვენ უახლოეს მომავალში ჩვენი გზის შესახებ საზოგადოებას ავუხსნით. დღეს ავირჩიეთ „გირჩის“ მმართველი სათათბირო. ჯერ ჩვენს მმართველ ორგანოს, სათათბიროს უნდა ავუხსნათ ამის შესახებ. მივიღოთ მათგან დასტური, მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ პროცესში ძალაინ დაგვჭირდება. შემდეგ ხელისუფლებას დაველაპარაკებით და ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, თავიანთი გეგმების შესახებ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ხელისუფლებას უნდა შეატყობინონ.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, ამ გეგმის შესახებ დღეს არ გამოვა საუბარი. „ქართული ოცნებისგან“ არაფერს ველოდებით, იყო დრო, ველოდებოდით, მაგრამ ბევრმა საათიანმა შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ იმედები არ არის ისეთი ცხადი და ცალსახა, რაც შეიძლება, თავიდან გვქონდა. ამიტომ დავანებეთ ამაზე ფიქრს თავი, უბრალოდ ჩვენ ჩვენი გეგმა მოვიფიქრეთ, თუმცა, ვფიქრობთ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ამის შესახებ უნდა გავაგებინოთ, მათ შორის ხელისუფლებას. საბოლოოდ ხომ არ დაგვისრულებია, შევთანხმდით, რომ კიდევ უნდა გაგვეგრძელებინა საუბარი. ჩვენ ჩვენსას მოვყვებით, ისინი თავისას. გადაკვეთის წერტილები თუ გამოჩნდება, ჩვენ მიდრეკილები ვართ შეთანხმებისკენ. გვქონდა ხელისუფლებისთვის ისეთი შეთავაზება, რომლის მიღების შემთხვევაშიც ჩვენ არ ვიყავით დამოკიდებული სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ეს არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა ვადაში შეიძლება „გირჩმა“ საზოგადოებას გეგმა, სტრატეგია გააცნოს, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეცოდინება ყველას, თუ როგორ უყურებენ მომავალს.

„ერთი კვირის განმავლობაში გეცოდინებათ, როგორ ვუყურებთ ჩვენს მომავალს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.