იაგო ხვიჩია - ერთ მხარეს შეიარაღებული სისტემა როცა დგას და მეორე მხარეს ადამიანები შიშველი ხელებით, ლაპარაკი არ გამოვა, ის კი არ მინდა, პოლიციას ესროდეს ხალხი, არამედ ის, რომ პოლიციამ დარბევა ვერ გაბედოს
ცხადია, ეს ხუმრობით ვთქვი, თუმცა, ზოგადად, საცივს რომ მაგიური ძალა აქვს საქართველოში, მგონი, ყველას ესმის და რამის გაკეთება თუ გინდა, ხალხი არ უნდა შეაწუხო იანვარში საქმის გასაკეთებლად, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ეს უნდა გააკეთო დეკემბერში ან გაზაფხულზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარეა ჩემი სკეფსისი, როცა ვიღაც მეუბნება, რომ იანვარში უფრო გაძლიერდება ეს პროტესტი. პირიქით, ჩემი აზრით, თუ რამის გაკეთება გინდა, ეს უნდა გააკეთო იანვრამდე. სულ ამას ნიშნავდა, რასაც ვამბობდი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას გარკვეული პრეტენზიები აქვს ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ ისინი პროცესს ვერ მართავენ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას პირველი პრეტენზია ქართველ ხალხთან აქვს.
„აქედან დავიწყოთ. ქართველი ხალხი ცდილობს, 30 წლის განმავლობაში სულ ემოციებით იმოძრაოს, ჩვენ კიდევ მოვუწოდებთ, იქნებ დავფიქრდეთ. ერთ მარტივ ამბავს გეტყვით მაგალითისთვის. ჩვენი ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში ხალხს ვეუბნებოდით, რომ იარაღის ტარება უნდა იყოს ლეგალური, რომ მთავრობამ ვერ შეძლოს ხალხის გალახვა მიტინგზე. ამას რომ ვეუბნებოდით, მათ შორის, დღევანდელი ნაცემი ხალხი, ყოველ შემთხვევაში, მათი მხარდამჭერები, ტელევიზიები, მედიები და ყველა გვებრძოდა. გვეუბნებოდნენ, ხალხი დახოცავს ერთმანეთს, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. სამოქალაქო ომი არ არის ახლა დაწყებული? უბრალოდ, ერთ მხარეს არ აქვს იარაღი და სცემენ. ანუ, ჩვეულებრივად, ერთი მხარე გამზადებული არის მონობისთვის. ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, ხალხო, მოვითხოვოთ, რომ იარაღის ტარება იყოს ლეგალური, რომ მთავრობამ ვერ გვცემოს-თქო. თქვენ იცით, ყველა მთავრობამ სცემა ხალხი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, რას ნიშნავს ეს განცხადება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მიტინგზე უნდა იდგეს შეიარაღებული ხალხი.
„„ტიტუშკების“, სპეცრაზმის, „დუბინკიანი“ ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება, იყოს ხელშიშველი ხალხი, იდგეს მიტინგზე. სულ გაქვს ცდუნება, კი არ დაელაპარაკო ამ შვიდობიან ხალხს, არამედ გალახო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, ანუ, უნდა ისროლონ? ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს არ უთქვამს.
„არა, ეს არ მითქვამს. სრულიად მცდარად ჰგონია ხალხს, რომ ჩვენნაირ საზოგადოებას არ სჭირდება იარაღის ლეგალიზაცია. ის, რომ ქვეყანაში არ არის იარაღი ლეგალური, ამ საზოგადოებაში ნიშნავს მონობის დაკანონებას და ყოველთვის ყველა მთავრობა ცდილობს, მონობა დააკანონოს. მონობის დაკანონების მთავარი გზა არის აქციაზე ხალხის საჯაროდ ცემა. ცოტა ხნის წინ რაც თქვენს კოლეგებს უქნეს, სულის შემძვრელი კადრები, შეგიძლიათ, ნახოთ. გუშინ დავინახეთ, რამდენ ადამიანს სცემდნენ ქუჩაში, რამდენი უსამართლობა ხდება ზოგადად და, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ კომუნისტური საზოგადოება, რომელსაც ხალხის ცემა და საჯარო სივრცეში ჩადენილი უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია და ეგუება. წარმოიდგინეთ, ამ მიტინგზე მართლა შეიარაღებული ხალხი რომ მდგარიყო და ისე ითხოვდნენ. ერთ მხარეს როცა შეიარაღებული სისტემა დგას, თავისი ძალადობის გამართული მანქანით და თავისი მურუსიძის სასამართლოთი, მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები შიშველი ხელებით, იქ ლაპარაკი არ გამოვა. იმას, ვისაც ძალა აქვს, სულ ხელშიშველი ხალხის ცემა უნდა. მე ის კი არ მინდა, რომ პოლიციას ესროდეს ხალხი მიტინგზე, არამედ ის, რომ პოლიციამ მიტინგის დარბევა ვერ გაბედოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ასეთ შემთხვევაში რისკებს, როცა ქვეყანაში ასეთი ემოციური ფონია, იაგო ხვიჩია განაცხადა, რომ რისკებს ახლა ხედავს.
„ახლა ვხედავ „ბეზპრიდელის“ რისკებს, რისკებს კი არა, შემდგარ ფაქტს. მე 90-იან წლებში უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მახსოვს, როგორ დასდევდა შევარდნაძის ძაღლობა ხალხს. ზუსტად ეს ძაღლობა დასდევს და სცემს ხალხს ახლა. უბრალოდ, გასუქდნენ, სხვანაირ ფორმაში არიან. თქვენ ძალიან ცდებით, თუ ამას ვერ ხედავთ; თუ ვერ ხედავთ იმას, როგორ საჯაროდ ხდება ადამიანის ცემა და მერე წაყვანა. ჩვენი მომხრეებიც არიან ნაცემი, ჩვეულებრივი ხალხია ნაცემი. მერე ხდება სასამართლოს მიერ ამ ხალხის ხორცსაკეპ მანქანაში გაშვება. თქვენ ამ ყველაფერს თუ ხედავთ, მაშინ, ჩემი აზრით, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იმ ადამიანების ხმა, ვინც შეწუხებულია უსამართლობით, თორემ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე უსამართლობას ვხედავ ოპოზიციის მხრიდანაც. ოპოზიციის ეს ჩათლახები სადღაც დამალულები ჩირგვში სხედან და ახალგაზრდებს უშვებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მე ამას ვხედავ, ცხადია, მაგრამ ვინც კეპავს, იმასაც ვხედავ და ის ხალხი იმ სირცხვილს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს, უდანაშაულო ბავშვების სისხლში რომ აქვს ხელები გასვრილი. არავის არ ეგონოს, რომ ასეთი დანაშაულის შერჩენა შეიძლება, რომ შენ ერი საჯაროდ სცემო, საჯაროდ ეცადო, მის „დაჩმორებას“ და მერე საქართველოს სადღეგრძელოები ილაპარაკო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.