იაგო ხვიჩია - დემურ დვალიშვილის ხელნაწერები შესაძლოა, შეიცავდეს ინფორმაციას კუპონის გაუფასურებასა და საბჭოთა ანაბრების გაქრობაზე
იაგო ხვიჩია - დემურ დვალიშვილის ხელნაწერები შესაძლოა, შეიცავდეს ინფორმაციას კუპონის გაუფასურებასა და საბჭოთა ანაბრების გაქრობაზე

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ეროვნული ბანკის საცავში დაცული, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის დემურ დვალიშვილის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

იაგო ხვიჩიას თქმით, რამდენიმე დღის წინ გადაცემაში „პროცესი“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ დემურ დვალიშვილის ჩანაწერებში აღრიცხულია, ვისთვის და რა ოდენობით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებებით სესხების გაცემა.

„რომან გოცირიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ მას ეს ჩანაწერები ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს პირადად აქვს ნანახი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას კუპონის გაუფასურებაზე, პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდებასა და ადამიანების მიერ წლების განმავლობაში ნაგროვები საბჭოთა ანაბრების დანაზოგის გაქრობაზე.

იაგო ხვიჩიას თმით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, აღნიშნულთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერები უნდა გაასაჯაროოს.