იაგო ხვიჩია - ექვსი ოპოზიციური პარტია რაც მალე გაერთიანდება, ერთ სიაში ჩაეწერება, მით უფრო ნაკლებად დააბნევს ამომრჩეველს, დანარჩენ „ნაცურ“ პარტიებსაც მოვუწოდებთ, შეუერთდნენ
იაგო ხვიჩია - ექვსი ოპოზიციური პარტია რაც მალე გაერთიანდება, ერთ სიაში ჩაეწერება, მით უფრო ნაკლებად დააბნევს ამომრჩეველს, დანარჩენ „ნაცურ“ პარტიებსაც მოვუწოდებთ, შეუერთდნენ

ექვსი ოპოზიციური პარტია რაც მალე გაერთიანდება, ერთ სიაში ჩაეწერება, მით უფრო ნაკლებად დააბნევს ამომრჩეველს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია: „ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის“.

„ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ჩვენ რომ არ ვმონაწილეობთ, ამასაც პოზიტიურად ვაფასებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ექვსი პარტია რაც მალე დალაგდება და გაერთიანდება, ერთ სიაში ჩაეწერება, მით უფრო ნაკლებად დააბნევს ამომრჩეველს. მათ ნებისმიერ ასეთ აქტივობას მივესალმებით და დანარჩენ „ნაცურ“ პარტიებსაც მოვუწოდებთ, შეუერთდნენ, ერთად იყვნენ, რათა ამომრჩეველი არ დაიბნეს, არ იფიქროს, რომ ბევრი პარტია არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რა არის აუცილებელი, რომ აქცია წარმატებული იყოს და რას სთავაზობს ის ოპოზიციას.

„რაც შეეხება შედეგს აქციების მართვასთან დაკავშირებით, ეს ხალხი არცერთი არ არის შემჩნეული, რომ აქამდე წარმატებით ემართათ აქციები. ამიტომ ჩვენ ახლაც ვთავაზობთ და შევთავაზეთ, მოდი, ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, საჯარო გავხადოთ მთელი დისკუსიის პროცესი და ხალხთან ერთად განვიხილოთ, რა არის გასაკეთებელი, საით უნდა წავიდეთ. იქნებ ასეთ დისკუსიაში და საჯაროდ საუბარში დაიბადონ ახალი პოლიტიკოსები ამ საარჩევნო წელს, ასევე დავინახოთ ის გზა, საითაც წასასვლელია, რათა მიტინგები ყოველდღიურად არ იშლებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.