იაგო ხვიჩია - ძირძველი იდეა იყო დიდი „ნაცური“ კოალიცია, თავის დროზე არ გამოვიდა, ახლა გაირკვა, რომ ამ ოთხ პარტიას შორის განსხვავება არ არის და ბუნებრივად ჩამოყალიბდა დიდი „ნაცური“ კოალიცია
იაგო ხვიჩია - ძირძველი იდეა იყო დიდი „ნაცური“ კოალიცია, თავის დროზე არ გამოვიდა, ახლა გაირკვა, რომ ამ ოთხ პარტიას შორის განსხვავება არ არის და ბუნებრივად ჩამოყალიბდა დიდი „ნაცური“ კოალიცია

ერთ-ერთი ძირძველი იდეა იყო დიდი „ნაცური“ კოალიცია, პრეზიდენტიც ლობირებდა ამას, სხვებიც. თავის დროზე არ გამოვიდა და, მგონი, ახლა უკვე გაირკვა, რომ ამ ოთხ პარტიას შორის არაფერი განსხვავება არ არის და ბუნებრივად ჩამოყალიბდა დიდი „ნაცური“ კოალიცია, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ზოგადად, ახალი კონფიგურაცია იქნება რაღაცნაირად, რაღაცას თავისი სახელი რომ დაერქმევა, ეს ხალხი ერთად რომ იქნება დალაგებული და, ერთი მხრივ, ეს იქნება სწორი, ჩემი აზრით, მაგრამ, მგონი, ჩვენი მთელი პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. იქ ვინ ხალხიც დგას, ჩვენი ამომრჩევლების გარდა, ოპოზიციური ამომრჩეველია ძირითადად, ხომ? მე მგონია, რომ ამ ოთხი პარტიიდან, „ნაცური“ კოალიციიდან რომელიღაცას მისცეს ხმა. უბრალოდ, უტყდებათ ამის აღიარება, იმიტომ, რომ სირცხვილია ამ ოთხი პარტიის არჩევა. ჩერგო მართალი იყო, ამათი არჩევა სირცხვილი იყო, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ არჩევა ახლა, რომელმაც ეს გამოიწვია ხომ, საბოლოო ჯამში, ამ კონფიგურაციამ?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არიან აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც ასევე ითხოვენ ახალ არჩევნებს და რომლის ნაწილისთვისაც, მათივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური სპექტრი, მეორე მხრივ კი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ახალი პარტიების წარმოქმნა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილის მოლოდინი და იმედები ვერ გაამართლეს?

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაცური“ კოალიციის წარმომადგენლები არიან იდიოტები.

„რატომ არიან იდიოტები, მაგას გეტყვით. სამყაროში წააგო ამათმა ნაქებმა ვოუქიზმმა და სოციალიზმმა. ტრამპი სხვა სამყაროდან მოდის. ტრამპის იმედი აქვთ და პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, რომ მოვიდა, „ფეისბუქი“ გაიხსნა განსხვავებული აზრისთვის. რასაც ჯერ კიდევ ინერციით აკონტროლებენ, იმ საინფორმაციო საშუალებებს ხელს ხომ არ უშვებენ და თუ სადმე ცენზურაა დაწესებული, მართლა საზოგადოებრივი მაუწყებლის კარს რომ აბრახუნებ და „ტვ პირველის“, „მთავარის“ ან „ფორმულას“ სტუმარი, მაყურებელი, თანამშრომელი ან მხარდამჭერი ხარ, უბრალოდ, რანაირად, შენ ხომ მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლია გააკრიტიკო ნებისმიერი სხვა მედიასაშუალება, როცა შენი გახსნილი გაქვს? იდიოტები იმიტომ არიან, რომ სამყარო იცვლება, სამყაროში „ფეისბუქი“ იხსნება და ესენი ახლა იწყებენ კიდევ უარეს „დაქენსელებას“ იმ პირობებში, როცა მთავრობაშიც არ არიან და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. ერთი მხრივ, ამ სიგიჟეს ვუყურებ და, მეორე მხრივ, ვუყურებ იმას, როგორც იქცევიან, განსაკუთრებით, ჩვენი მოსამართლეები. ადამიანების ციხეში პანტაპუნტით ყრა, ადამიანების ცემა-ტყეპა, ამას რომ ვუყურებ, ვხვდები, რა შეიძლება, იყოს აქედან გამოსავალი. დავუშვათ, ერთი მხარე „დაჩმორდა“, მათ შორის, ბევრი ადამიანის მიმართ კრიტიკული ვარ, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან და შეიძლება, გულის მოსაფხანად კარგი იყოს, რომ ვიღაცას ხედავ „დაჩმორებულს“, მაგრამ უცბად რომ წარმოიდგინო, რომ შენი ქვეყნის მეოთხედი, ნახევარი ან მესამედი, რამდენიც არ უნდა იყოს მეორე მხარეს, ის არის „დაჩმორებული“, დაშინებული გყავს ციხით ან რაღაცით აშინებ, ასეთი ტიპის მმართველობა გაქვს დამყარებული და ასე მიდიხარ ევროპისკენ. ეს მართლა შეიძლება, გინდოდეს?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე დასვა კითხვა, გუშინ რომ ხალხი მიუვარდა მოსამართლეს და დღეს რომ იგივე მოსამართლე ასამართლებს, თავისი შინაარსით ეს რამდენად ნორმალურია?

„ეს რამდენად ნორმალურია, რომ ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა გაქვს, ვიღაც მოგივარდა და დღეს დილით იმ ხალხს, უბრალოდ, პანტაპუნტით ყრი ციხეში? ან, ზოგადად, შესაძლებელია, მართლმსაჯულების ახლა განხორციელება ამ ქვეყანაში ისე, რომ მოსამართლე, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად თვლიდეს ჟურნალისტის მიერ თუნდაც პოლიციელისთვის ხელის გარტყმას? მე, მეორე მხრივ, რაღაც სიგიჟე მგონია, აქეთ მხრიდან რაც ხდება, არაღიარება იმის, რომ ვიღაცას ბოთლი ესროლე, მაგრამ ბოთლის სროლის გამო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მართლა ახლა, ამ სიტუაციაში, როცა ემოციები ასეა, როდესაც მიტინგია და ზოგადად, ადამიანების კამათის განწყობაა?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, სასამართლო ხომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და ეტყოდა თუ არა მას ოპონენტი, სტუდიაში რომ იჯდეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა პოლიციელისთვის ხელის გარტყმას, დამიზნებით პიროტექნიკის სროლას თუ დაუმორჩილებლობას სხვა ქვეყნებში და რომ ამას იქ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ, ზოგადად, სხვა ქვეყნის არგუმენტს შინაარსი არ გააჩნია კამათში.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას პრეტენზია აქვს ისეთ ლიდერებზე, რომლებიც ხალხს მოუწოდებდა, მიაწექითო.

„მოუწოდებდნენ, აბა ხალხო, მიაწექით, აგერ ვართო და თვითონ დამალული არიან. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ ზის, ვინც მანამდეც არ იჯდა. ხალხი ციხეში ზის ამ მოწოდებების გამო და ეს ხალხი არის გამქრალ-დამალული. თან, ეს გაქრობა და დამალვა რატომღაც, ღირსებად ეთვლებათ. აი, ეს მაწუხებს მე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.