იაგო ხვიჩია - ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო
იაგო ხვიჩია - ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო

ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პოლიციის მიერ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„ადამიანები არ დაშავებულან, როგორც ჩემთვის ცნობილია. უბრალოდ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ჩვენ – ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქალაქის ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო ვაკეთებთ ამას. აქამდე მოვედით, ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა.

ადამიანები თუ არ დაშავებულან და ავიცილეთ ჯანმრთელობის დაზიანებები, მაშინ გამოდის, რომ პოლიციამ ჩააბარა უსაფრთხოების ტესტი. უბრალოდ, თუ სახელმწიფოებრივად ვუყურებთ ამ საკითხს, რამდენად საკმარისია ეს, სხვა ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.