იაგო ხვიჩია - ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ
იაგო ხვიჩია - ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიაჩია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრას გეგმავს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში იაგო ხვიჩიამ ისაუბრა როგორც მოლაპარაკებების პროცესზე, ასევე იმის თაობაზე, თუ რას აპირებს „გირჩი“.

ხვიჩია აღნიშავს, რომ „ქართული ოცნება“ როგორც სხვასთან არის არაკომფორტული მომლაპარაკებელი და „რაღაცნაირად მოლაპარაკებას შლის, დიდი გულუხვობით არც მათ მიმართ გამოირჩევა“.

„ქართულ ოცნებას“ აუცილებლად შევხვდებით. მათ შორის ჩვენი გეგმის შესახებ მოვუყვებით. ასე ვიქცევით პოლიტიკურ პარტნიორებთან, ვისთანაც შეხვედრა გვქონდა და ცივილური ურთიერთობები გვაქვს. მათ წინასწარ ვეუბნებით, რა გეგმები გვაქვს. მათ პოზიციებსაც მოვისმენთ. მათთან ინდივიდუალური შეთანხმების იმედი ნაკლებად გვაქვს, თორემ, ჩვენ ეს გვინდოდა და დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, შევიდეს „გირჩი“ მეათე მოწვევის პარლამენტში, ხვიჩია პასუხობს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს უნდა, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და თუ ეს დაიდება, ოპოზიცია პარლამენტში შევა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ იქ ოპოზიციის შესვლა არ უნდა.

„მხოლოდ ჩვენ რომ შევიდეთ, არ გამოდის, რადგან ისე გამოდის, რომ იქ შესვლა აღიქმება ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად – წარმოიდგინეთ, პატიმრები, ეს ამბავი და ამ თამაშში ეხმარები, ვინაიდან შენდაუნებურად ცუდ საქმეში გითრევს იმ ადგილას შესვლა, რაც ამომრჩეველმა მოგანიჭა და დაიმსახურე, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ პრობლემა, რომ პარლამენტი ვერ შეადგინა. ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ. აქტიურობის თვალსაზრისით უკანასკნელ რიგებში არ ვიქნებით, ჩვენს სიტყვას ამ პროცესში ვიტყვით. ჩვენი თამაში ჯერ კიდევ წინ არის. არ მჯერა, რომ შეიძლება ოთხი წელი ამ უაზრობაში ვიცხოვროთ. ასე გაგრძელება არ იქნება, ეს ყველაფერი დიდი ხანი ვერ იქნება. ეს არავის არ აწყობს. უბრალოდ, მოქიშპე მხარეები ჩაჯინებულები არიან ერთმანეთს და ამას ეწირება მთელი ქვეყნის ინტერესები. რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს? – ან ვიჩხუბებთ, ამისთვის სერიოზული კატაკლიზმი დაგვჭირდება, ან რაღაც მოხდება“, – აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად მოეწერა და პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადავიდოდა.

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციონერებს ხშირად ეუბნებოდა, რომ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თქვენ მოაწერთო? „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოპოზიცია დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებდა. ამიტომ, მას რაღაცნაირად მთლიანად გადააბრალა ეს პასუხისმგებლობა, რაც არ მგონია, ბოლომდე მთლად ობიექტური იყოს. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად მოეწერა, თუ მას ეს უნდოდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადავიდოდა. მოლაპარაკება არც ერთ მხარეს არ უნდა. ერთი წითელ ხაზს – ვადამდელ არჩევნებს არ თმობს მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებული არჩევნები ვერ დაადასტურა, მეორე მხარე კი, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, არ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და თავად ასეთი კორექტულია, ფაქტობრივად, ორ ადამიანს, ორ პატიმარს გადააყოლა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან. თქვენ იცით, რომ ქართულ ოპოზიციაზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ ეს ის საკითხია, სადაც „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, ეს საუბარი დაემთავრებინა და საჭირო არ იყო უაზრო გეგმების გაწერა ორი ადამიანის გასათავისუფლებლად მაშინ, როცა ძალიან მარტივად შეეძლო მათ მიერ დანიშნულ პრეზიდენტს გაეთავისუფლებინა რურუა. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი საპრეზიდენტო მოვალეობას საერთოდ არ ასრულებს და მგონი, მიღმიერ სამყაროში არსებობს, მაგრამ ერთხელ მაინც შეეძლო, ქვეყნის ცხოვრებაში თავისი პოზიტიური როლი შეეტანა, ესეც კი ვერ გაბედა, რაც მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ ყოფილა. არ მჯერა, რომ ჩვენს პრეზიდენტს რაიმე პოზიცია აქვს. შეიძლება, ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ ისეთი პრეზიდენტი არ გვყავს, რომელსაც შეიძლება, რამენაირი პოზიციები ჰქონდეს. ეს ცინიკურად გამოიყურება, როცა ვამბობთ, რომ მას აქვს პოზიციები“, – დასძინა ხვიჩიამ.