იაგო ხვიჩია - დღევანდელ სახალხო დამცველს პარლამენტი გაემიჯნა თვითონ, პირს, რომელიც პარლამენტის წარმომადგენელი უნდა იყოს, „ნაცს“ ეძახდნენ, მე არ მინდა, „ნაცი“ მეძახონ, მინდა, მათი წარმომადგენელი ვიყო
იაგო ხვიჩია - დღევანდელ სახალხო დამცველს პარლამენტი გაემიჯნა თვითონ, პირს, რომელიც პარლამენტის წარმომადგენელი უნდა იყოს, „ნაცს“ ეძახდნენ, მე არ მინდა, „ნაცი“ მეძახონ, მინდა, მათი წარმომადგენელი ვიყო

„ქართულ ოცნებას“ ახლა ექნება საშუალება, კონკრეტული დავალებით აირჩიონ ომბუდსმენი და არა იმიტომ, რომ „ენჯეოშნიკებს“ კოჭი გაუგორონ, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ქართულ ოცნებას“ გადამწყვეტი როლი აქვს ამ პროცესში და მგონი, მათი გადასაწყვეტია, იმ ხალხს ააარჩევენ, რომლებსაც აქამდე არჩევდნენ და მერე აკრიტიკებდნენ, თუ სხვას. რატომღაც, სხვას აბრალებენ მერე, გეგონება, მე ავირჩიე მოქმედი სახალხო დამცველი. ამის ნაცვლად, ახლა ექნებათ საშუალება, არა იმიტომ, რომ „ენჯეოშნიკებს“ კოჭი გაუგორონ, არამედ კონკრეტული დავალებით აირჩიონ ომბუდსმენი, რომ მათი საპარლამენტო კონტროლი ეფექტურად განხორციელდეს ამ ინსტიტუტის მეშვეობით, რათა ადამიანებმა იგრძნონ განსხვავება სახალხო დამცველებს შორის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველი პარლამენტის სახელით უნდა მუშაობდეს.

„მე თუ პარლამენტის სახელით არ ვმუშაობ, ჩემი უფლებამოსილების ნახევარს ვერ აღვასრულებ. დღევანდელ სახალხო დამცველს პარლამენტი გაემიჯნა თვითონ და ახლა, ბოლო პერიოდში, საერთოდ „ნაცს“ ეძახდნენ. ანუ, პირს, რომელიც პარლამენტის წარმომადგენელი უნდა იყოს, „ნაცს“ ეძახდნენ. მე არ მინდა, „ნაცი“ მეძახონ. მე მინდა, მათი წარმომადგენელი ვიყო, ოღონდ, იცოდნენ, რა მიზნით მივდივარ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ომბუდსმენი თუ გახდება, ამ პოზიციიდან უკეთ დაიცავს ადამიანის უფლებებს.

„პირველ რიგში, პრიორიტეტებს შევცვლი და ვეცდები, მხარდამჭერები ვიპოვო საზოგადოებაში. ვეცდები, მარგინალიზებული კი არ იყოს ეს ინსტიტუტი, არამედ საზოგადოებაში მოვიპოვო მხარდაჭერა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, მნიშვნელოვანს და არ ვერთობი არამნიშვნელოვანი, ან მეორეხარისხოვანი საქმეებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.