იაგო ხვიჩია - დღეს შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა ჩემი მოსაზრება, რატომ ვიყავი კრიტიკული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიმართ
იაგო ხვიჩია - დღეს შევხვდი სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა ჩემი მოსაზრება, რატომ ვიყავი კრიტიკული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიმართ

დღეს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ჩემი აზრი წარმოვუდგინე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„დღეს შევხვდი ქალბატონ პრეზიდენტს ამ თემასთან დაკავშირებით და ვილაპარაკეთ. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, მაგრამ იქამდე „ფეისბუქზე“ დავთაგე და ჩემი აზრი წარმოვუდგინე საჯაროდ. შეხვედრას სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ ბრძოლა. აქედან რა გამოვა, არავინ არ იცის, ამაზე გარანტიები ზოგადად არ არსებობს. ჩვენ, ჩემი აზრით, პირნათელი ვართ ქართველი ხალხის წინაშე. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მინიმუმ პროგრამა გავასაჯაროეთ, – ამბობს იაგო ხვიჩია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი კანონზე ვეტოს დადებას, ხვიჩია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან არ ყოფილა საუბარი საკითხზე, აპირებს თუ არა ის ვეტოს დადებას.

„ამასთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. მას აინტერესებდა ჩემი მოსაზრება თემასთან დაკავშირებით, რატომ ვიყავი კრიტიკული და რატომ მიმაჩნდა ეს იმ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, რომელსაც მივაღწიეთ შარლ მიშელის და დანიელსონის დახმარებით“, – ამბობს იაგო ხვიჩია.