იაგო ხვიჩია - დასავლეთი თავად აძლევს ლეგიტიმაციას ისეთ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებიც სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ დასავლურ იდეას, პირიქით, მას სახელსაც კი უტეხენ
იაგო ხვიჩია - დასავლეთი თავად აძლევს ლეგიტიმაციას ისეთ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებიც სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ დასავლურ იდეას, პირიქით, მას სახელსაც კი უტეხენ

დასავლეთი თავად აძლევს ლეგიტიმაციას ისეთ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებსაც არ უნდა აძლევდეს და სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ დასავლურ იდეას, პირიქით, მას სახელსაც კი უტეხენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ორგანიზაციებსა და ადამიანებს შორის არის „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამეული.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აღნიშნული პარტიების განცხადებაზე, რომ იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ და განაცხადა, რომ მათ იდეას მთავარი განსაცდელი დაემუქრება მაშინ, როცა ათი ათასი ხელმოწერის შეგროვებაც პრობლემა გახდება.

„ამ იდეას მთავარი განსაცდელი დაემუქრება მაშინ, როცა ათი ათასი ხელმოწერის შეგროვებაც პრობლემა გახდება. შემდეგ ადამიანები ტექსტს ნახავენ და მიხვდებიან, რომ რაღაც სწორად არ იყო; თუ ტექსტს წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ ბევრი რამე არ იყო სწორად. რასაკვირველია, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა კარგია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში უფრო მეტი სერიოზულობაა საჭირო კრიზისიდან გამოსასვლელად. მთელ ამ პროცესში მთავარი პრობლემაა წარმომადგენლობა, მათ შორის ჩვენთან დასავლეთის წარმომადგენლობა, რომელიც ადამიანებისა და ორგანიზაციების რაღაც კატეგორიას ლეგიტიმაციას აძლევს, რაღაცასთან ან ურთიერთობა საერთოდ არ აქვს, ან მშრალი ურთიერთობა აქვს. ეს არის პრობლემა, რადგან დასავლეთი თავად აძლევს ლეგიტიმაციას ისეთ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებსაც არ უნდა აძლევდეს და სათანადოდ ვერ წარმოაჩენენ დასავლურ იდეას, პირიქით, მას სახელსაც კი უტეხენ. მათ შორის არის ეს სამეული – სხვადასხვა დოზით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.