იაგო ხვიჩია - ის უნდა დაისაჯოს, ვინც პირველმა დაარღვია პირადი ცხოვრების საიდუმლო და ფარული კადრები დაამზადა
იაგო ხვიჩია - ის უნდა დაისაჯოს, ვინც პირველმა დაარღვია პირადი ცხოვრების საიდუმლო და ფარული კადრები დაამზადა

დასასჯელია ის, ვისაც ბოროტი მიზნები ჰქონდა და არა 17 ადამიანი, რომლებმაც მეგობრებს უბრალოდ, სეირი ანახეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ის ადამიანი, ვინც პირველმა დაარღვია ადამიანის პირადი საიდუმლოება და დაამზადა ფარული კადრები.

„ადამიანი, რომელმაც პირველმა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოება, შეიჭრა სადღაც და დაამზადა ჩანაწერები, შესაძლებელია, რომ სანქცირებას ექვემდებარებოდეს, მაგრამ ხალხი, რომელიც დღეს ციხეში ზის, მათ შორის „გირჩის“ მხარდამჭერები, ასევე ადამიანები, რომლებიც გირაოთი გამოუშვეს, უდანაშაულოები არიან. მათი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება. ვინც ამ კადრებს აზიარებდა,  უბრალოდ სეირის სანახავად აკეთებდა და არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ევნო. არ მიგვაჩნია, რომ ამით „გირჩს“ პოლიტიკურად დევნიან, ჩვენ ამის არ გვჯერა. ვითხოვთ, რომ უდანაშაულო ადამიანი არ იჯდეს ციხეში, შეწყდეს საქმე. აუცილებლად გამოსაძიებელია, თუ ვის უნდოდა პოლიტიკოსისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ 17 კაცი, რომლებმაც მეგობრებს უბრალოდ სეირი ანახეს, დასაჭერები არ არიან. დასაჭერი ის ხალხია, ვისაც ბოროტი მიზნები ჰქონდა“, – აცხადებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.