იაგო ხვიჩია - დანიელსონის დოკუმენტის ცალმხრივად ხელმოწერა უშინაარსოა
ჩვენ პოზიცია უკვე დაფიქსირებული გვაქვს, ყველას მოვუწოდებდით და საჯაროდაც გვაქვს ნათქვამი, რომ ამ დოკუმენტზე ხელი მოსაწერი იყო, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ არც ერთმა არ მოაწერა, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ პარტიებისადმი ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დღევანდელ მოწოდებასთან დაკავშირებით.
შეკითხვაზე, „გირჩი“ ინდივიდუალურად დღესაც არის თუ არა მზად, ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს, ხვიჩიამ აღნიშნა: „გირჩი“ მარტო მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, რა შინაარსი აქვს. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ხელი მოგვეწერა იქვე, თუ დანარჩენები ხელს მოაწერდნენ“.
„მარტო ჩვენს ხელმოწერას რა შინაარსი აქვს?! მარტო ჩვენი ხელმოწერით არც პარლამენტი იქმნება და არც „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ დოკუმენტს. ამიტომ ამას შინაარსი არ გააჩნია. შინაარსი აქვს იმას, როდესაც კომპრომისზე ყველა მხარე მიდის და ამას საჯაროდ ხელი ყველას მიერ ეწერება და ჩვენც ვიქნებით რა თქმა უნდა ხელმომწერებში. ცალმხრივად ხელმოწერა უშინაარსოა. კონსტიტუციური ნორმებია, რასაც ვერ შევცვლით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, დანიელსონის დოკუმენტთან ბევრი შენიშვნა აქვთ.
„ბევრი შესწორება მაქვს. უბრალოდ, ეს ჩვენს შემთხვევაში რელევანტური არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები არ მოგვწონდა, გვინდოდა, ეს შეთანხმება შემდგარიყო. თუმცა ეს ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ხელისუფლებამ არ დათმო პოლიტპატიმრები და რაღაც კლოუნობა მოაწყობინეს პრეზიდენტთან ჩვენს მედიატორს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფილია, რადგანაც ჯერ არაადეკვატურ ქალბატონს ელაპარაკა სამჯერ და შედეგი ვერ გამოიტანა, ხოლო მეორე მხრივ, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ოპოზიციას. ზუსტად ასევე არაადეკვატურად იქცევიან ამ ფონზე. მოლაპარაკებებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ვიდრე ჩვენი დასავლელი მეგობრები ყურებს არ აუწევენ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტიებს მიმართა, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს. ელისაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.