იაგო ხვიჩია - ჩვენი იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან, ეს იცის უგულავამაც, სააკაშვილმაც, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვიგულისხმებით
იაგო ხვიჩია - ჩვენი იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან, ეს იცის უგულავამაც, სააკაშვილმაც, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვიგულისხმებით

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი პარტია „ნაციონლური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არ გაერთიანდება.

ხვიჩიას თქმით, დარწმუნებულია, „გირჩი“ არც იგულისხმება და „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან ის პარტიები, რომლებთანაც არჩევნებზე თანამშრომლობდნენ.

„ჩვენი იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან, ეს იცის ბატონმა უგულავამაც, ბატონმა სააკაშვილმაც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვიგულისხმებით. მათ იგულისხმეს ის ოპოზიცია, რომელთანაც ამ არჩევნებზე თანამშრომლობდნენ და მგონი, ქოლგაში უკვე იყვნენ. ამიტომ ახალი ქოლგის გამოგონება რა საჭიროა, არ ვიცი, მაგრამ ახალი იქნება, თუ ძველი, მე და ჩემი პარტია არ გავერთიანდებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ოპოზიცია ისედაც გაერთიანებულია და ამან თავის დროზე ვერ იმუშავა.

„რატომ ლაპარაკობენ ამაზე, როგორც მომავალზე, ეს ხომ აწმყოშია, ხომ უკვე გაერთიანდა ამ არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ოპოზიცია. მგონი, ჯერჯერობით დაშლის შესახებაც არ გამოუცხადებიათ და ამ ქოლგაში არიან ახლაც. ვფიქრობ, ამ ქოლგამ სათანადოდ ვერ იმუშავა და ამის თავიდან დაწყება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მგონი, არც თვითონ მოიაზრებენ „გირჩს“ ამაში და არც „გირჩი“ მოიაზრებს საკუთარ თავს.

ჩვენ არ ვუყვარვართ, რადგან არ ვართ მარტივი საურთიერთო ხალხი, მათ იციან, კითხვებს ვსვამთ ხშირ-ხშირად და არ გამოდის მერე ის, რაც ხშირად თავიდან ჩაფიქრებულია. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ არც მე მომიაზრებენ ისინი და არც მე მოვიაზრებ მათ კოალიციურ ბრძოლაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, ოპოზიციური ერთობის იდეა თუ არსებობს ქართულ პოლიტიკაში?, – ხვიჩიას თქმით, ასეთი ტიპის ერთობები მყარი არ არის.

„მხოლოდ ეს იდეა რომ არსებობს, ეგ არის პრობლემა, ამ იდეის არსებობა უშლის ხელს სხვა იდეის არასებობას, ზოგადად განსაზღვრული ერთობა არის ღირებულება და არა კონკრეტულ საკითხებთან გულწრფელი თანამშრომლობა. ასეთი ტიპის ერთობები არ არის ხოლმე მყარი, რადგან არაფერს ეფუძნება, არაფერ იდეაზე არ დგას. როცა რაღაც ქარტეხილი მოხდება და ვერ უძლებს, მერე იწყება პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის ლანძღვა, რაც საბოლოო ჯამში ყველას რეპუტაციაზე მოქმედებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.