იაგო ხვიჩია - ჩვენი გზა გვექნება, „გირჩის“ გზა არც „ქოცური“ და არც „ნაცური“ იქნება, გეგმას „გირჩის“ შიდა სათათბიროში ვტესტავთ
იაგო ხვიჩია - ჩვენი გზა გვექნება, „გირჩის“ გზა არც „ქოცური“ და არც „ნაცური“ იქნება, გეგმას „გირჩის“ შიდა სათათბიროში ვტესტავთ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა საკუთარი გეგმით სვლას აპირებს და „გირჩის“ გზა არც „ქოცური“ და არც „ნაცური“ იქნება.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში იაგო ხვიჩიამ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს „გირჩის“ გზა და ისინი აპირებენ, თუ არა მმართველ გუნდთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმართვას.

„რომ გითხრათ, დიდი იმედები გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ასე არ არის. ამის შანსი რომ ყოფილიყო, ეს მოხდებოდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ რეალურად, შეთანხმება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა. ამის დასტურია ის, რომ თუნდაც, ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს ცალმხრივად ხელი არ მოაწერა ისევე, როგორც ოპოზიციამ. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი გზა გვექნება, „გირჩის“ გზა არც „ქოცური“ და არც „ნაცური“ იქნება. ამას „გირჩის“ შიდა სათათბიროში ვტესტავთ, დღეს გვქონდა არჩევნები და სათათბიროს ახალი წევრები გვყავს. ვეცდებით, რომ ეს გეგმა საზოგადოებას მომავალ კვირას გავაცნოთ“, – აღნიშნავს ხვიჩია.

კითხვაზე, „გირჩის“ გზა გადის თუ არა პარლამენტში შესვლასა და საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებაზე, ხვიჩია პასუხობს, რომ „პარლამენტზე გადის“ ხმამაღალი ნათქვამია.

„ზოგადად, ყველა გზა პარლამენტთან გადის. მათ შორის, ჩვენი ოფისიც პარლამენტთან ახლოს არის, მაგრამ მეტს არაფერს გეტყვით. ვერ აგიხსნით, რასაც ვგეგმავთ. არ მინდა, არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. მგონი, ამის მიღმაა, რასაც მეკითხებით და სიტუაციას უნდა დაველოდოთ“, – დასძინა ხვიჩიამ.