იაგო ხვიჩია - ჩვენ თუ შევთანხმდებით, რომ რუსეთი მართლა საფრთხეა და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, მაშინ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩხუბი შევწყვიტოთ
ჩვენ თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი მართლა საფრთხეა და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, მაშინ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩხუბი უნდა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომებზე, თანაბარი შეფასება არ შეიძლება, რადგან ხვიჩიას განცხადებით, ბევრად უფრო პასუხისმგებელია ხელისუფლება.
„ახლა თუ რაიმეზე შეიძლება, თანხმობის მიღწევა, ჩვენი მდგომარეობაა – ოკუპანტი გააქტიურებულია და საფრთხე ჩვენც გვემუქრება. ამ საფრთხის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი მართლა საფრთხეა და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, მაშინ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩხუბი უნდა შევწყვიტოთ. ამას თუ არ ვაკეთებთ, მაშინ ძალიან რთულია სხვა რამეზე საუბარი. საერთო მტრის წინააღმდეგ თუ ვერ ვთანხმდებით, შიდა ფაქტორების გარშემო გაერთიანება ნაკლებად შესაძლებელია. ორი ყოფილი მმართველი პარტია გვყავს, რომელსაც საკუთარი წევრებისთვის ლაპარაკი აქვს აკრძალული. პარლამენტის ისეთი წევრები გვყავს, რომლებიც არ ლაპარაკობენ და გადაწყვეტილება სადღაც სხვაგან მიიღება, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში. როცა ვსაუბრობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომებზე, თანაბარი შეფასება არ შეიძლება, რადგან ბევრად უფრო პასუხისმგებელია ხელისუფლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.