იაგო ხვიჩია - ჩვენ არ გვამძიმებს მანდატები, თავიდანვე არ გვესმოდა, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი კოლეგები რა განცხადებებს წერდნენ, ახლაც იგივე აზრზე ვართ
იაგო ხვიჩია - ჩვენ არ გვამძიმებს მანდატები, თავიდანვე არ გვესმოდა, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი კოლეგები რა განცხადებებს წერდნენ, ახლაც იგივე აზრზე ვართ

ჩვენ არ გვამძიმებს მანდატები. თავიდანვე არ გვესმოდა, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი კოლეგები რა განცხადებებს წერდნენ, ახლაც იგივე აზრზე ვართ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი.

„ჩვენ არ გვამძიმებს მანდატები, რომლებიც გვაქვს. მგონი, არც არავისთვის შეგვიშლია ხელი ჩვენი მანდატებით. თავიდანვე არ გვესმოდა, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი კოლეგები რა განცხადებებს წერდნენ. ახლაც იგივე აზრზე ვართ. დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. მაშინ უნდა ვიჩხუბოთ და გვინდა ჩხუბი? რა ვიცი, მე არ მინდა. მანდატებიც არ გაგვიუქმებია და ჩხუბიც არ გვინდა. საერთოდ, ჩვენ პარლამენტში შესვლაც გვინდა, პარლამენტი რომ გვქონდეს. პრობლემა ისაა, რომ „ოცნებამ“ პარლამენტი არ გაგვიკეთა. მე ვარ პარლამენტის წევრი და ჩემს პარლამენტის წევრობას არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემა არ გააჩნია, პრობლემა აქვს „ქოცების“ რამდენიმე წევრს, რომლებსაც „ოცნებამ“ გადააყოლა პარლამენტი. ახლა ასე ვართ, ვიცით, რომ პარლამენტის წევრები ვართ, მაგრამ პარლამენტი არ გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელიდან გაუშვა კარგი შესაძლებლობა.

„შეიძლება, კითხვა იყოს ასეთი, გამოსწორდებიან თუ არა „ქოცები“ და „ნაცები“, დაიხევენ თუ არა რაიმეზე უკან? ამაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ. მე მგონია, რომ თავისით ესენი არ გამოსწორდებიან, თუ ვინმემ არ შეაშინა. ასეთი ხალხი ჩამოვა თუ არა, და რა განწყობით ჩამოვა თუ არა ბატონი დანიელსონი, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მანამდე ფაქტია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელიდან გაუშვა შესანიშნავი შესაძლებლობა, პატივი გვეცა ჩვენი სტუმრისთვის და კმაყოფილი გაგვეშვა აქედან, თან ისე, რომ შევრიგებულიყავით. ჩემი აზრით, ამ ამბავში საბედისწერო შეცდომა დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“. ისინი აუცილებლად ინანებენ, რომ ცალმხრივად არ მოაწერეს ხელი დანიელსონის მიერ დადებულ დოკუმენტს. ამით გადავიდა ყველანაირი პასუხისმგებლობა მათზე, თორემ ოპოზიცია რა ხვითოც არის, ჩემზე უკეთ იცით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.